17 მაისი, 2017

გივი ბერიკაშვილის ბიუსტი ხელოვნების სასახლეში

18 მაისს, 17 საათზე, ხელოვნების სასახლეში ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული ვარსკვლავის, ყველასათვის საყვარელი მსახიობის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მუზეუმის “უკვდავთა ბაღში” ხელოვანის ბიუსტი გაიხსნება.

მსახიობის უახლოესმა მეგობარმა, მოქანდაკე თემურ ჭყონიამ, გივი ბერიკაშვილის სკულპტურული პორტრეტი მის სიცოცხლეშივე შექმნა, რომელიც თბილისის მერიის ხელშეწყობით ბრინჯაოში ჩამოისხა.

ღონისძიებაზე, მსახიობის მეგობრები და კოლეგები გაიხსენებენ საქართველოს სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატისა და „ხელოვნების ქურუმის“ ცხოვრებასა და შემოქმედებას.

1956 წელს, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გივი ბერიკაშვილმა სამსახიობო მოღვაწეობა სოხუმის თეატრში დაიწყო, რასაც მოჰყვა მარჯანიშვილის თეატრი, სადაც მან დაუვიწყარი სცენიური სახეები შექმნა: მეფე ერეკლე, მიტუა, ალექსანდრე ჩინჩახელი და სხვა.

მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა მისი გმირები კინოფილმებში: “ლონდრე”, “სიყვარული ყველას უნდა”, “ღვინის ქურდები” და მრავალი სხვა.

2008 წელს, მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა გივი ბერიკაშვილის სახელობის ვარსკვლავი და გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი – გივი ბერიკაშვილი“

იგი იყო ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე.