26 მაისი, 2017

“აი, მაშინ გიყვარს საქართველო”

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღეს მთელი ქვეყანა ზეიმობს და სხვადასხვა აქტივობებით ახსენებს მოსახლეობას ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს.

რა თქმა უნდა, თითოეულ ქართველს უყვარს საქართველო, მაგრამ საინტერესოა, როგორ გამოხატავენ ამ სიყვარულს ისინი – უბრალო სიტყვებით და რეალური საქმით.

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი იმ მთავარ საკითხებს აყალიბებს, რომელთა დაცვითაც სამშობლოს სიყვარული გამოიხატება:

“როცა ნაგავს ძირს არ ყრი,
როცა ღამით ქუჩაში ხმამაღალი საუბრით ან მუსიკით სხვებს ძილს არ უფრთხობ,
როცა გარემოს სადარბაზოს მიღმაც უვლი,
როცა მოძრაობის წესებს იცავ,
როცა ენას არ აბინძურებ,
როცა რიგს იცავ,
როცა წინაპრების ღვაწლს პატივს სცემ,
როცა გულისხმიერად სწავლობ და მუშაობ,
როცა საპირფარეშოს სუფთას ტოვებ,
როცა სამამულო ნაწარმს ყიდულობ,
როცა არ ბრაკონიერობ,
აი, მაშინ გიყვარს საქართველო.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს.
საქართველოს სიყვარული გვქონოდეს!”