10 მაისი, 2017

საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა აბიტურიენტებს ახალ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს

საქართველოს უნივერსიტეტი წამყვანი მრავალპროფილური უნივერსიტეტია, რომელიც გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – კურსდმთავრებულთა დასაქმების მაღალი სტატისტიკით.

საქართველოს უნივერსიტეტის 6 სკოლიდან ერთ-ერთი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაა, რომლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა.

წელს, სკოლა აბიტურიენტებს ახალ, არქიტექტურისა და დიზაინის საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს, რომელიც გათვლილია ამ სფეროში მაღალი დონის სპეციალისტის ჩამოყალიბებაზე და მის სრულფასოვან მომზადებაზე, არქიტექტურასა და დიზაინში წარმატებული კარიერის მისაღწევად.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში წელს დაარსდა არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრიც, რომელიც აქტიურადაა მიმართული არქეოლოგიურიის პოპულარიზაციასა და კომერციალიზაციაზე. არქეოლოგია – საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ერთ-ერთი განსაკუთრებული სპეციალიზაციაა. ამ სკოლაში, არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში ხელმისაწვდომი პრაქტიკული სწავლება ამდიდრებს. სამშვილდის ისტორიული ნაქალაქარის სიახლოვეს შექმნილია საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბაზა – ,,სამშვილდის არქეოლოგიური სოფელი“, სადაც სტუდენტებთან ერთად, ყველა მსურველს საშუალება აქვს გაეცნოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ თავისებურებებს.

სკოლის ბაზაზე ასევე, არსებობს არქეოლოგიური გამოფენა/მუზეუმი, სადაც გამოფენილია სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებული არქეოლოგიური არქეფაქტები. ამასთან ერთად მუზეუმი გამოიყენება შესაბამისი სპეციალობის სტუდენტების პროფესიული უნარების გასავითარებლად.

გარდა ამისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა აბიტურიენტებს პროგრამების მრავალფეროვან არჩევანს სთვაზობს, ისეთ სფეროებში როგორიცაა ქართული და ინგლისური ფილოლოგია, ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა. აქ, ხელმისაწვდომი რესურსები, მაგალითად თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით აღჭურვილი ენების შემსწავლელი ლაბორატორია და ირანის კაბინეტი, სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაძლიერებულად შეისწავლონ ევროპული და აღმოსავლური ენები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, დაესწრონ სემინარებს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულები დასაქმების ბაზარზე იკავებენ წამყვან პოზიციებს თავიანთ სფეროში.