6 მაისი, 2017

ვეზირიშვილების სასახლის სახურავი ჩამოინგრა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ვეზირიშვილების სასახლე წლებია უმძიმეს მდგომარეობაშია. შენობა ნელ-ნელა ინგრევა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის გვერდით მდებარე ოსიაურის საჯარო სკოლას და მოსწავლეებს.

ინფორმაციას ვეზირიშვილების სასახლესთან დაკავშირებით გიორგი ჩუბინიძე ავრცელებს:

“ყურადღება! ახლახანს შემატყობინეს, რომ სოფელ ოსიაურში მდებარე კულტურული მიმკვიდრეობის ძეგლის – ვეზირიშვილების სასახლის სახურავი ჩამოინგრა. სავალალო სიტუაციაა, ვინაიდან შენობა ებჯინება ოსიაურის საჯარო სკოლას და საფრთხეს უქმნის სკოლის მოსწავლეებს. შენობაში საბჭოთა პერიოდში სკოლა იყო განთავსებული, 70-იან წლებში სკოლა ახალ შენობაში გადავიდა და ეს სასახლე მას შემდეგ ნელ-ნელა ინგრევა.

რამდენიმე წლის წინ შენობის დემონტაჟი იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ჩვენი აქტიური ჩართულობით ეს პროცესი შევაჩერეთ და შენობის ისტორიული ღირებულებაც დადასტურდა – კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსიც მიენიჭა, მაგრამ არაფერი შეცვლილა, შენობის სასწრაფო გამაგრება და რესტავრაციაა საჭირო, ვიდრე რაიმე ცუდი ფაქტი მოხდებოდეს.

ვთხოვთ კულტურის სამინისტროს, ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ სასწრაფო ზომები მიიღონ!”