Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2017“ იხსნება

ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2017“ იხსნება27 მაისს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ტრადიციული ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2017“ გაიხსნება, რომლის ორგანიზატორებიც უკვე რამდენიმე ათეული წლებია არიან იმერეთის სამხარეო ადმინსიტრაცია და საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის ორგანიზაცია.

აღნიშნული ფესტივალი გამორჩეული და სპეციფიკური ფესტივალია საქართველოში არსებულ ფესტივალებს შორის, ვინაიდან ის აერთიანებს იმერეთის რეგიონის როგორც პროფესიულ, ასევე სახალხო თეატრებს. გარდა იმერეთის რეგიონის თეატრებისა, ფესტივალში მონაწილეობას იღებს სოხუმის სახელმწიფო პროფესიული და კახის ქართული თეატრი აზერბაიჯანიდან.

ფესტივალის დამფუძნებელი იმერეთის სამხარეო ადმინსტრაციასთან ერთად არის საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის ორგანიზაცია. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია „კულტურის ქურუმი“ ლევან როხვაძე, ხოლო გენერალური დირექტორი მაია პაქსაშვილი.

ორგანიზატორების თქმით: „წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია რეპერტუარით და ჟიურის სრულიად ახალი შემადგენლობით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი მასპინძლობს ჩვენს ძმებს აზერბაიჯანიდან, კახის ქართულ თეატრს, რომელთაც ჩვენგან ყურადღება აკლია. ვფიქრობთ, მათი მონაწილეობა ამ ფესტივალში უფრო დაახლოებს მშობლიურ ფესვებთან – ქართულ თეატრთან და კომუნიკაციის ახალ გზებს და პერსპექტივებს გააჩენს…“

„თეატრალური იმერეთი 2017“–ის ჟიური წევრები არიან: თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი მაკა ვასაძე (თავმჯდომარე); ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის რედაქტორი ლელა ოჩიაური, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, თეატრმცოდნე და ცნობილი ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, ჟიურის შემადგენლობაში ასევე იმუშავებს დავით გორდელაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან.

წლევანდელ ფესტივალს ეყოლება ახალგაზრდული ჟიური, რომელიც პარალელურად შეაფასებს ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს. ფესტივალში სტუმრის სტატუსით მონაწილეობას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი თემურ ჩხეიძის სპექტაკლით „არტ ხელოვნება“.

საფესტივალო პროგრამა კი ასეთია:
27.05 – ქუთაისის ლ.მესხიშვილის სახ.სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი – ნიკოლოზ გოგოლი “რევიზორი”; რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე
28.05 – ჭიათურის აკ. წერეთლის სახ.სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი – ნადეჟდა პტუშკინა „ზღაპარი იგი, მათრობს და მხიბლავს“; რეჟისორი: დავით თურქიაშვილი
29.05 – ზესტაფონის უშ. ჩხეიძის სახ.სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი – მარშა ნორმანი „ღამე მშვიდობისა დედა“; რეჟისორი: ნინო ლიპარტიანი
30.05 – წყალტუბოს სახალხო თეატრი – ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი“; რეჟისორი: ლევან გაბრიჭიძე
31.05 – ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი – ალექს ჩიღვინაძე „უხერხემლო“; რეჟისორი: ლალი კუბლაშვილი
03.06 – სოხუმის კ.გამსახურდიას სახ.სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი – ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით „ნავიგატორი“; რეჟისორი: დავით საყვარელიძე
05.05 – საჩხერის სახალხო თეატრი – რეზო გაბრიაძე „შერეკილები“; რეჟისორი გიორგი მეტონიძე
06.06 – თერჯოლის სახალხო თეატრი – ალექსანდრ გალინი „რეტრო“; რეჟისორი: მამუკა ცერცვაძე
07.06 – ბაღდათის სახალხო თეატრი – ალექსანდრე ჩხაიძე „შთამომავლობა“; რეჟისორი: მელიტონ ჯაფარიძე
08.06 – სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი – ნოდარ დუმბაძე “მე ვხედავ მზეს”; რეჟისორი: ლორიტა ჯორჯიკია
09.06 – ვანის სახალხო თეატრი – შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილი“; რეჟისორი: აბელ სოსელია
12.06 – ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახ. სახალხო თეატრი – ოტია იოსელიანი „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“; რეჟისორი: ირინე ჩხეიძე
13.06 – ხონის სახალხო თეატრი – რეზო ნაჭყებია „სახლი ღრუბლებში“; რეჟისორი: პეტრე ჩარგეიშვილი
14.06 – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, კახის რაიონის სადახლოს ქართული სახელმწიფო თეატრი – იაკობ გოგებაშვილი „იავნანამ რა ქმნა“; რეჟისორი :ლერი შიოშვილი
15.06. – ფესტივალის დახურვა

ფესტივალში სულ 14 სახელმწიფო პროფესიული და სახალხო თეატრი მიიღებს მონაწილეობას, ყველა სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.