Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს უნდა გამოვასწოროთ”

"ეს უნდა გამოვასწოროთ"ახალგაზრდა პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი თავის მეგობარ კოლეგებთან ლაშა მარგიანთან და თორნიკე ნაროზაულთან ერთად რუსთაველის გამზირზე აქცია-პერფორმანსს მოაწყობს.

15 მაისს მეგობრები 5 საათის განმავლობაში დედაქალაქის მთავარ გამზირზე სიმბოლურ ფასად გაყიდიან საკუთარ ხელნაწერ ლექსებს.

ნიკა ჩერქეზიშვილი:

“15-დან 20 საათამდე, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო “თბილისი-მარიოტის” მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა აქცია-პერფორმანსი “ლექსები ღერებზე”. მონაწილეობას მივიღებთ მე, ლაშა მარგიანი და თორნიკე ნაროზაული. აქციაზე სიმბოლურ ფასად გაიყიდება ჩვენი ხელნაწერი ლექსები.

ჩვენი მიზანია, მხარდაჭერა გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც არ გააჩნიათ საკუთარი ჭერი და საკუთარ ქვეყანაში ღია ცის ქვეშაც აღარ დაედგომებათ. ამ ხალხს ყველა ასე ვიხსენიებთ – გარემოვაჭრეები. ყველამ ვიცით, რომ სინამდვილეში ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან, ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის და მათთვის ქუჩაში დგომას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ არავისზე ნაკლებად არ გვესმის, რომ ქალაქი უნდა მოწესრიგდეს, ქუჩები კეთილმოეწყოს, დაცული უნდა იქნეს სანიტარული ნორმები და ა.შ. ეს ყველასთვის გასაგები, მისაღები და სასიამოვნოა, მაგრამ… აქ არის ერთი მთავარი “მაგრამ”, ეს ყველაფერი არ უნდა ხდებოდეს ამ ადამიანების სასიკვდილოდ გამეტების ხარჯზე და რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, მათგან გამოთავისუფლებულ ტროტუარებზე, საფეხმავლო ადგილებზე არ უნდა იდგნენ მაღალი გამავლობის მანქანები, ჯიპები… გარემოვაჭრეების აყრაც ყველაზე მეტად ასეთი მანქანების მფლობელებს გაუხარდათ, რადგან მათი ცხოვრება კიდევ უფრო კომფორტული გახდა. ქვეყანაში კი, უკვე, ღია ცის ქვეშ კი არა, საფლავებშიც აღარ აჩერებენ ადამიანებს.
ასე თუ გაგრძელდა, ძალიან მალე ჩვენც გამოგვიყოფენ ალტერნატიულ ფართს “ძლიერნი ამა ქვეყნისანი”, შემოგვიღობავენ სადმე რაიმე ტერიტორიას და ხმის ამოღების შემთხვევაში, როგორც მინიმუმ – გაგვასილაქებენ.

საქართველო ჩვენთვის უცხო ქვეყანა გახდა. ეს უნდა გამოვასწოროთ, აუცილებლად. ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო. ეს ქვეყანა ისეთი არ არის, როგორსაც ახლა ვხედავთ. ნამდვილი საქართველო სხვანაირია.

თუ მართლა წესრიგი უნდათ, ზედა ეშელონებიდან დაიწყონ (უამრავი რამ არის ქვეყანაში ცუდად) და არა ამ გასაცოდავებული ადამიანებიდან.

ვისთვისაც სულერთი არ ვართ ჩვენ და სულერთი არის ეს ყველაფერი, გელოდებით.”