6 მაისი, 2017

„ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“

2017 წელს ქართველთა სიმბოლურ ეროვნულ ხატად ქცეული ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან სრულდება 180, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი. საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის პირობებში, წელს პირველი პრეცედენტია, როდესაც ილიას იუბილე მასშტაბურად და მით უფრო რეგიონების ჩართულობით აღინიშნება.

სამწუხაროდ, ილიას საიუბილეო თარიღები არც 1997 და არც 2007 წელს მინიმალურადაც კი არ აღნიშნულა, ამიტომ წლევანდელ აქტივობას განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა გააჩნია.

შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ ახორციელებენ პროექტს – საიუბილეო საგასტროლო ტურნე „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მუნიციპალურ ცენტრებსა და თვითმმართველ ქალაქებში პროექტის ფარგლებში – ილიას თემაზე, უკანასკნელი 15-20 წლის მანძილზე, თანამედროვე მხატვრების მიერ შექმნილი სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენას, რომელშიც გაერთიანებულია სკულპტურის, ფერწერისა და ხატწერის ნიმუშები და სპექტაკლის „საუკუნის მკვლელობა“ წარმოდგენას, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ახალი დრამატურგიული და სცენიური ნაწარმოებია.

პროექტი, 3 აპრილს, სიმბოლურად, მეორე დედაქალაქიდან – ქუთაისიდან დაიწყო. საიუბილეო პროექტის ფარგლებში ღონისძიებები უკვე განხორციელდა ქალაქ ქუთაისში, ახალციხის, მარნეულის, გარდაბნის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.

8 მაისს კი ილიას შესახებ გამოფენა და სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ უკვე ბათუმში იქნება წარმოდგენილი. ბათუმის კულტურის ცენტრის საზაფხულო თეატრის სცენაზე 19 საათზე გაიმართება ღონისძიება, რომლის მხარდამჭერია ქალაქ ბათუმის მერია. დასწრება კი, როგორც ყოველთვის, თავისუფალია!

პროექტის პარტნიორები არიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საპატრიარქო, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობები. მედია მხარდამჭერები კი – ტელეკომპანია „იბერია“ და საინფორმაციო პორტალი „კვირა“.