1 მაისი, 2017

იაპონიის იმპერატორის ჯილდო ნინო ანანიაშვილს

ტოკიოში იაპონიის იმპერატორის ჯილდოს 2017 წლის გაზაფხულის ლაურეატები გამოცხადდა.

იაპონიის მთავრობის მიერ გავრცელებულ სიაში ნომინანტთა შორის დასახელებულია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომელიც დაჯილდოვდა ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით.

ნინო ანანიაშვილს ჯილდო იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა. პრიმა-ბალერინასთვის მინიჭებული ჯილდო კულტურის მოღვაწეთათვის იაპონიის მიერ დაწესებული ჯილდოებიდან ყველაზე მაღალი რანგისაა. ამ ორდენის კავალერი 2011 წელს, 86 წლის ასაკში, მაია პლისეცკაია გახდა.

იაპონიის საიმპერატორო ჯილდოს გადაცემა 1875 წელს დაიწყო, ხოლო დაჯილდოების დღევანდელი სისტემა ოდნავ მოგვიანებით შეიქმნა. არსებობს ორი სახის ჯილდო – „ამომავალი მზის ორდენი“ და „წმინდა საგანძურის ორდენი“. ეროვნებით არა იაპონელი ჩვვეულებრივ „ამომავალი მზის ორდენით“ ჯილდოვდება. წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 105 არა იაპონელი ლაურეატი შეირჩა და ამ რანგის ჯილდო მხოლოდ 34-ს მიენიჭა, ხელოვნების სფეროში კი მხოლოდ ნინო ანანიაშვილი დაჯილდოვდა.

ქართველ პრიმა-ბალერინას ჯილდოს 6 თვის შემდეგ ოფიციალურად გადასცემენ.