Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“წერილი ღმერთს და მამაჩემს”

"წერილი ღმერთს და მამაჩემს"საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა და პოეტმა გიორგი კეკელიძემ თავისი საქმიანობით და შემოქმედებით უამრავი გულშემატკივარი და ერთგული მკითხველი გაიჩინა.

– წერილი ღმერთს და მამაჩემს, – ასე ეწოდება გიორგი კეკელიძის ახალ ლექსს, რომელიც გარდაცვლილ მამას მიუძღვნა.

გიორგი კეკელიძე:

“მთელი ღამე-დილა ვწერდი. პოეზიაში დაბრუნებისა იყოს. ცოტა ვრცელია, თუმცა ვისაც სურვილი გაქვთ, გასინჯეთ:

წერილი ღმერთს და მამაჩემს
სალამი ღმერთო. ორი წლის წინ კაცი მოვიდა,
აცვია ჩემი გამოცვლილი თხელი შარვალი,
თეთრი პერანგი. არ მოსულა კაცი შორიდან
და დაღლის ვერვინ შენიშნავდა ამ კაცს ნაკვალევს.
როცა მოვიდა, შეიძლება ვერც დაინახეს,
მორცხვი კაცია და სხვის მზერას ფიქრებს უმალავს,
დედამ რომ ნაჭრით დაუფარა ნატანჯი სახე,
იმ ჭრელ ცხვირსახოცს წაიკრავდა თვალზე უმალვე.
და ჩემი თხოვნის ასრულებას თუკი აპირებ –
ჩრდილს ნახავთ, უცხო სიმორცხვისგან ცხრაფერად მოხრილს;
მანდვე იქნება, სამოთხეში, ტყის განაპირას
თხილის ძირებში ამოწვერილ ბალახებს თოხნის.
ეგ კაცი ღამით, როცა იდგა ავი ზამთარი,
როცა ამ ზამთრის გასაძღომად ვზოგადვით შეშას,
წვებოდა ადრე და ლოგინი იყო გამთბარი
და ზღაპრებიდან ყველა ჭინკა ერთად აეშვა.
სალამი ღმერთო. მამაჩემი ახლა მანდ არის.
ადვილად იცნობ, შენ, რომელიც თვალს იტევ ულევს;
როგორც გითხარი, ძირს უთოხნის თხილს ან მანდარინს
და მინდა მისთვის სამი რამე რომ ამისრულო.
მამამ ოდესაღაც დაანება თავი სიგარეტს,
ფული ჭირდა და დაანება, ჩვევას უგანა,
ჩამქონდა, ვითომ უარობდა და მერე გარეთ,
ძველ საბძლის უკან ეწეოდა და ვინმეს განა,
იმ საბძლის უკან საკუთარ თავს ემალებოდა.
და დაე ჰქონდეს სიგარეტი – ,,პაპიროზს დალევს’’-
ვერვინ შეამჩნევს, შეუძლია ჩაყლაპოს ლოდად
და ფილტვის ჭაში გამოკეტოს მომწარო კვამლი,
მეორე თხოვნა: წელი ტკივა და ფეხიც ურევს –
ამ საშინელ თოხს მოარიდე და მრუდე ნამგალს,
და ერთხელ მაინც გაასინჯე ისეთი პური
რომ საკუთარი ოფლის სუნი არ ახლდეს ნამკალს.
მესამე თხოვნა: ეთამაშოს ჭადრაკი ვინმეს,
მას ხომ უნდოდა რომ მსოფლიო დაეპყრო ამით
და ერთხელ რობერტ ფიშერისთვის მოაგებინე,
რომ მართლა სულად გადაექცეს ეგ სული-გვამი.
სალამი ღმერთო, ეგ სამოთხე მამაჩემს ყოფნის
მაგ სამ რამით, შენ სამოთხეს სამოთხედ უქცევ –
რომ ჩამომხრჩვალი ოცნებების საყელო თოკი
ცაში აშვებულ ფრანის ძაფად დაუწნა უცებ.
სალამი, მამა, მე ღმერთს უკვე მივწერე შენზე,
ღმერთი დიდია და სურვილებს ასრულებს ღმერთი,
და ახლა შენ გწერ, თუმც სხვა ქარი მაძალებს ბენზინს,
ბენზინს, მანქანას, სამსახურებს, გზებს – რომ გავერთო.
გზა გადაბრუნდა და ურემი ისე გამოჩნდა.
ურემზე ჩემი მკვდარი იწვა და ვერ ვტიროდი,
რადგან ტირილი არ მასწავლეს და ამ გამოცდას
ვერ ჩავაბარებ, მეზობლებთანც შევრცხვები, ჰოდა
შენ მაინც თბილად დაუძახებ შემომწყრალ დედას:
გაჩერდი ქალო, დაანებე თავი ბაღანას!
რაც უნდა ის ქნას! უძინარი სახე აქვს, ხედავ!?
ისედაც ბევრი საქმე აქვს და აღარ დაღალო!
რადგან საწოლის ქვეშ დამალულ ჭუჭყიან ჭინკებს
სულ შენ მიფრთხობდი, როგორც ღამის უცხო მნახველებს
და იქვე სამი კალოში და ორი ვალინკა,
ტალახს იშრობდა და ვეძებდით ქართულ სახელებს,
კალოშების და ვალინკების, ხანაც შპილკების
ქართულ სახელებს ვიხსნებდით, სადღაც გაგონილს,
და სანამ პოვნას ვახერხებდით, ნაცნობი ქშენით
ძილის რელსებზე მოდიოდა სიზმრის ვაგონი.
თუმც ეს სიზმრები თვალის ზურგზე ისე მკაწრავდნენ,
რომ ნაკაწრიდან ძილში ცხელი ცხადი მოწვეთავს
და ცხადი ამბობს: გამარჯობა და უკაცრავად,
ცოტა დრო ისევ დაგრჩენია ცოცხლების მზესთან
რომ უნდა ავგდე და ჩავიცვა, რომ სინამდვილემ
ყველა ტკივილი გადაადნოს გულგრილ საგნებად,
რომ მხოლოდ ძილში შეგვიძლია ასე ადვილად
ჩვენ სიკვდილიდან სიცოცხლისკენ გზების გაგნება.”