12 აპრილი, 2017

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი იუბილარია. წელს თეატრი 90 წლის იუბილეს ბორჯომში „თეატრალური დღეების“ ფარგლებში აღნიშნავს.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 18 აპრილიდან მომავალი წლის 11 ნოემბრამდე იუბილეს ფარგლებში მაყურებელს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებს.

18 აპრილს თეატრის დასის ნაწილი ბორჯომს ეწვევა, სადაც ბორჯომის „თეატრალური დღეები“ იუბილარი თეატრის წარმოდგენით „აურზაური არაფრის გამო“ გაიხსნება. სპექტაკლი, რომლის რეჟისორიც დიმიტრი ხვთისიაშვილია, ბორჯომის კულტურის სახლში 19 საათზე გაიმართება.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90-წლიანი ისტორიის მანძილზე ერთადერთი და უნიკალური თეატრია საქართველოში არსებულ თეატრებს შორის. აღმზრდელობით-შემეცნებითი ფუნქციის მატარებელი ორ-ენოვანი დასი (ქართული და რუსული) აუდიტორიისთვის შესაშური დატვირთვით მუშაობს.

თბილისში 1927 წლის 18 აპრილს ნიკოლოზ მარშაკმა საფუძველი ჩაუყარა მოზარდ მაყურებელთა თეატრის რუსულ დასს, რომელმაც თავისი პირველი წარმოდგენა „ჰაიავატა“ გამართა. ნიკოლოზ მარშაკის სახელს უკავშირდება მუშთაიდის ბაღში დღემდე არსებული, ამიერკავკასიაში პირველი საბავშვო რკინიგზის დაფუძნება. რუსულ დასთან თანამშრომლობდნენ ისეთი ცნობილი ხელოვანები, როგორებიცაა: რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი, მსახიობი-ლებედევი, კომპოზიტორი და პოეტი- ბულატ ოკუჯავა და სხვანი.

რუსული დასის დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, 1928 წლის 11 ნოემბერს დაარსდა ქართული მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რეჟისორ ალექსანდრე თაყაიშვილის თაოსნობით. პირველი წარმოდგენა გახლდათ საცის „ბრიც ბაუერი“. თეატრთან სხვადასხვა დროს აქტიურად თანამშრომლობდნენ ცნობილი მხატვრები: ე.ახვლედიანი, ს.ვირსალაძე, პ.ოცხელი, ი.სუმბათაშვილი, ნ.ყაზბეგი, დ.თაყაიშვილი, ფ.ლაპიაშვილი, მ.მალაზონია, მ.ჭავჭავაძე, ა.რამიშვილი, მ.მურვანიძე, გ.ალექსი-მესხიშვილი, ი.გეგეშიძე, თ.ნინუა, ა.ჭელიძე და სხვები.

მათი ესკიზები, რომლებსაც ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფოიეშია გამოფენილი.