15 აპრილი, 2017

“მივმართავ ყველას!”

მომღერალი მანანა მენაბდე, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს, თითქმის არასოდეს აკეთებს ხმამაღალ განცხადებებს. ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე კი ხელოვანმა გაჩუმება ვეღარ შეძლო და თავისი გულისტკივილი გაგვიზიარა.

მანანა მენაბდე:

“მივმართავ ყველას ვინც სხვის ჯიბეში იხედება! დამეთანხმებით, რომ არავის საქმე არ არის, ვინ ვის ეხმარება და ვის ჰყავს სპონსორი. ამაზე ჭორაობა და ამაზე ქირქილი უხერხულად მიმაჩნია. ჯერ ერთი, ეს არაეთიკურია, მეორეც ის რომ არაჯანმრთელი სურვილია, იცოდე, ვის რამდენი აქვს ხელფასი. ეს არ არის „ევროპელი“ ადამიანების საქციელი, თუკი ჩვენ ვთვლით, რომ „ევროპელები“ ვართ და მაღალი კულტურის მქონე ადამიანები.

საქმე სპონსორში კი არ არის და იმაში, აფინანსებს თუ არა სახელმწიფო ისე თეატრებს, რომ ეს უადვილებდეს ყოფას მსახიობებს! მე უკვე ამდენი წელია ბერლინში ვცხოვრობ და ძალიან კარგად ვიცი, რომ თეატრებში, დიდ დაწესებულებებში, სიმფონიურ ორკესტრებში, არასდროს არავინ არ იცის, ვის რამდენი აქვს ხელფასი და უკულტურობად და ცუდ ტონად ითვლება სხვის ხელფასზე საუბარი და აგრეთვე ჰკითხო შენს კოლეგას, რამდენი გაქვს შენ ხელფასიო. (ევროპაში ყველგან ასეა და ამერიკაშიც) ეგეც რომ არ იყოს (ევროპის მაგალითი), ნუთუ თავად თითოეულმა ჩვენთაგანმა არ უნდა იცოდეს, რომ ეს უკულტურობაა? და, რაღა თქმა უნდა, ამ სიის გამოქვეყნება კი უმსგავსობაა!

რატომ უნდა იმართლებდეს თავს ზურა ყიფშიძე ან კიდევ ვინმე, საზოგადოების წინაშე, რომ მას ვიღაც ეხმარება?!?!?! ვერ დავიჯერებ, რომ ვინმეს ჩვენში უკვირს, რომ მრავალშვილიან და დიდ ოჯახიან მამას და ბაბუას არ ყოფნის 2000 ლარი. ან რას უნდა იღებდეს ისეთს 2 თეატრიდან ზურა ყიფშიძე, რომ სამყოფი იყოს?! ის უნდა გვიკვირდეს და განგაში ატეხოთ იმაზე, ასე ცოტას რომ უხდიან ჩვენს სასიქადულო და საყვარელ მასახიობებს. მაგრამ ჩვენთვის მთავარია „დამნაშავე“ ვიპოვნოთ და ჩავქოლოთ პიროვნება, რომელიც ამდენი ხანია თავის ხალხსა და თეატრს დაუღალავად ემსახურება!

მოვეგოთ გონს სჯობს და შევეშვათ სახელოვანი ხალხის ლანძღვასა და გარდაცვლილების ქილიკს! მოვეფეროთ ერთმანეთს. ჩავეხუტოთ და გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს! მაშინ ვერავინ ვერ მოგვერევა! მარტო წარღვნას უნდა დაველოდოთ, რომ ერთად მზიური აღვადგინოთ და გავასუფთაოთ? მხოლოდ მაშინ უნდა დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახებს, სანამ წყალი არ წაგვიღებს?! რატომ არ შეიძლება, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების რითმში გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთმანეთს ვაფასებდეთ, ვეხმარებოდეთ, მხარში ვედგათ და არ ვუთხრიდეთ ერთმანეთს საფლავს?

ნუ ჩავიგდებთ თავს ცოდვაში ამ დღეებში მაინც ჩემო საყვარელო ქართველებო და თბილისელებო, ასეთი დღეებია, აღდგომა დგება და მოდი ერთად ვიყოთ და ღირსეულად შევხვდეთ ამ დღეებს.”