18 აპრილი, 2017

“კულტურის სამინისტრომ ფეშენვიკები უნდა აფინანსოს და თეატრი არა?”

ამ კითხვას რეჟისორი რეზო შატაკიშვილი სვამს და ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემას – თეატრებისთვის დაფინანსების 10 პროცენტით შემცირებას ეხმაურება:

“მოკლედ, ყველა თეატრმცოდნე და თეატრის მენეჯერი გახდა რაა. რაღას არ წაიკითხავ, ბილეთები ხომ იყიდება თეატრში, სახელმწიფომ რაღატომ უნდა დააფინანსოსო. კინოში რასაც იხდით, იმ ფასად რომ ცოცხალ წარმოდგენას უყურებთ და უშუალოდ, კონკრეტულად თქვენთვის რომ თამაშობენ მსახიობები ეგ როგორ მოგწონთ? კინოს ერთი ადამიანი უშვებს და ერთ სპექტაკლს რამდენი ადამიანი ემსახურება? სცენაზე რომ მარტო მსახიობს ხედავთ, მუსიკას ვინ უშვებს, ზეციური საქართველოდან ჩაგესმით? სცენა თავისით ნათდება თუ სცენას სცენის მემანქანე კი არა ჯორდანო ბრუნო აბრუნებს?

გააზრებული გაქვთ, რამდენი შრომობს? რამდენი სცენის მუშა, რეკვიზიტორი, გრიმიორი, ჩამცმელი, გამნათებელი, ხმის რეჟისორი, ტექნიკური რეჟისორი, კაპელდინერი შრომობს ერთ კონკრეტულ წარმოდგენაზე? მე ვლაპარაკობ უკვე დადგმული სპექტაკლის კონკრეტულ წარმოდგენაზე და იმაზე არ მაქვს საუბარი, რა შრომა და რამდენის შრომა იდება სპექტაკლის შექმნისას და როგორ ფიქრობთ, მაგას აუვა საშუალოდ ათლარიანი ბილეთი?

ვიღაც მეტყვის, მე თეატრში არ დავდივარ და რატომ უნდა ფინანსდებოდეს ჩემი გადახდილი გადასახადებიდან თეატრიო. მასე, მე არც მღვდლებთან დავძუნძულებ და არც საზმაუს არ ვუყურებ და რატომ ფინანსდება ჩემი გადახდილი გადასახადებიდან? ფეხბურთიც მკიდია და დანარჩენი სპორტიც და რატომ ფინანსდება? იქნებ თქვენი ჯანმრთელობაც მახატია და ბევრი სხვა რამეც?

მოიცა, კულტურის სამინისტრომ ფეშენვიკები უნდა აფინანსოს და თეატრი არა ხომ? არ მითხრათ ახლა არ აფინანსებსო, ბოლო ფეშენვიკსაც აფინანსებს. და ხუთმილიონიანი კონცერტები არაფერი ხომ? ჯაზფესტივალები? ცალკე ბიუჯეტს რომ ატყავებენ და ცალკე კიდევ მერე ინდივიდუალურად თქვენ – უძვირესი ბილეთებით და ჩვენ ათ ლარიანი ბილეთებით თავიც შევინახოთ, სპექტაკლებიც ვდგათ და კიდევ შენობებიც შევინახოთ, არა? სახლში სოჩიკი ბევრს მიწერსო, რომ წკმუტუნებთ, არ გაინტერესებთ რამდენს წვავს განათების სისტემა ერთ სპექტაკლზე?”