12 აპრილი, 2017

ჰოლივუდთან დაკავშირებული მასშტაბური კოლექცია ხელოვნების სასახლეში

პირველად საქართველოში, ხელოვნების სასახლეში ჰოლივუდთან დაკავშირებული მასშტაბური კოლექცია გამოიფინება.

ჰარისონ ფორდის, ტიმ ბარტონის, დენი დევიტოს, კლინტ ისტვუდის, სპაიკ ლის და სხვა ლეგენდარული რეჟისორისა თუ მსახიობის ხელმოწერილი ნივთები…

11 ოსკარზე ნომინირებული, ოქროს გლობუსისა და სხვა მრავალი უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ფილმის “ნიუ-ორკის ბანდების” (GANGS OF NEW-YORK) პერსონაჟის უნიკალური კოსტიუმი…

ლეგენდარული ამერიკული ფილმის “ბეტმენის” (BATMAN) მთავარი გმირის ნიღაბი და იარაღი – “ბეტარანგი” სხვა უნიკალურ მემორიალურ ნივთებთან ერთად ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზებში დამთვალიერებლისათვის 18 აპრილიდან გამოიფინება.

ორიგინალ აფიშებთან, ხელნაწერებთან, პარტიტურებთან და კინო რეკვიზიტებთან ერთად საზოგადოებას საშუალება ექნება იხილოს ქევინ კოსტნერის, უიტნი ჰიუსტონისა და გარი კემპის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ლეგენდარული ფილმის “პირადი მცველის” (THE BODYGUARD) ორიგინალ სცენარს წარმოადგენს.

გამოფენა ეძღვნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს.

ექსპოზიციის განსაკუთრებული და მემორიალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნივთები საქართველოში მხოლოდ ერთი კვირით გამოიფინება.