Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ღმერთმა დაგვწყევლა!”

14 აპრილი, 2017

"ღმერთმა დაგვწყევლა!"– ღმერთმა დაგვწყევლა ქართველები! უცნაური ერი ვართ – ასეთი ფსიქიკის, სტუმართმოყვარეობის, სიძულვილის ერი არ შემხვედრია, არადა სტუმარ-მასპინძლის ქვეყანა ვართ – ასე მიაჩნია მსახიობსა და მომღერალს ბუბა კიკაბიძეს, რომელიც დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და იმ თემებზე საუბრობს, რაც ყველაზე მეტად სტკივა.

ბუბა კიკაბიძე:

“აღარ არის თბილისი. ხალხი ქუჩაში რომ გამოდიოდა, მისალმებისგან კისრები სტკიოდათ, იმდენი ნაცნობი იყო, იმდენი გაღიმებული სახე იყო, ახლა თბილისში სახლობანას თამაშობენ მშენებლები, გაიგეს რომ ამაში ფული კეთდება და აწეპებენ ერთმანეთს სახლებს.

მსოფლიო ხუთივე კონტინენტი მაქვს მოვლილი და მაღალი სახლები ყველგან ცალკე დასახლებაშია. თბილისისნაირი ქალაქი არსად მინახავს, უცნაური სილამაზის ქალაქია, მაგრამ ახლა არაფერი არ არის. დამახინჯებულია ქალაქი. ეს ყველას ბრალია – მთავრობისაც, ჩვენიც, ხალხი ამას ყურადღებას აღარ აქცევს, სხვა პრობლემები აქვს. არავის აღარ სცხელა თბილისისთვის. მთელი ჩემი სიცოცხლე თბილისზე ვმღეროდი, ახლა აღარ მინდა. სადაც ცხოვრობ, იმაზე გული უნდა გტკიოდეს. გავიდეთ და ვთქვათ, აღარ ააშენოთ სახლებიო, ვინმე დაგვიჯერებს? ყურს დაგვიგდებს? თბილისი არის მანქანებით გადატენილი პატარა ქალაქი. ვეღარ ეტევა ქუჩებში ამდენი მანქანა. ყველაფერი გაფუჭებულია თავიდან ბოლომდე. ჩვენ ქალაქი მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ.

ვის უნდა მივაწვდინოთ ხმა? ყველამ ყველაფერი იცის. ხალხი დაიღალა, მაგრამ დაიღალა ერთია და თავზე რომ დაგვემხობა ეს ქალაქი, ეგ მეორე. საქართველოს ერთი დედაქალაქი აქვს, თუ დედას არ მოაურე, არაფერი გამოვა. არ სტკივათ გული, ჩვენ ვიძახოთ და ვიყოთ. სადაც მეტყვით, ყველგან მოვალ და ვიყვირებ, ამით შეიცვლება რამე?

მგონია, რომ საზოგადოება სპეციალურად არის გახლეჩილი. პოლიტიკამ გაგლიჯა ხალხი. ჩვენ ეტყობა ღმერთმა დაგვწყევლა ქართველები – უცნაური ერი ვართ, ასეთი ფსიქიკის, სტუმართმოყვარეობის, სიძულვილის ერი არ შემხვედრია. სტუმარ-მასპინძლის ქვეყანა ვართ. ერთი პლუსი გვქონდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. ახლა ხალხი ერთმანეთს აგინებს, ნახევარი პარლამენტი რომ მეორე ნახევარს ეუბნება, თქვენ რომ იყავით, მაშინ რატომ არ აკეთებდითო, ამოვიდა უკვე ყელში! ამ დროს იმაზე არავინ ლაპარაკობს, რომ თბილისი ფუჭდება.

ახლა მიდის მსჯელობა ახალ პანთეონთან დაკავშირებით – მე ჩემი ადგილი მაქვს – დედაჩემის გვერდით. ადამიანი როცა რაღაცს გეგმავს, გააზრებულად უნდა დაგეგმოს. ყველაზე ცუდად მოფიქრებული ადგილი იყო დიდუბის პანთეონი, იმიტომ რომ თავიდანვე პატარა ადგილი იყო. შეიძლება მახათას მთა მერე კარგი იყოს, მაგრამ შორია. ჯერ ხალხისთვის უნდა ეკითხათ და ხალხი იტყოდა, სად ჯობია. ჩვენთან ხალხს არაფერს ეკითხებიან, არადა ხალხი ბრძენია და ყველაფერი ხალხს უნდა ჰკითხო,” – განაცხადა ხელოვანმა “პრიორიტეტში” საუბრისას.