30 აპრილი, 2017

“ამ ხელოვანმა ხალხმა რა დააშავა”

ფილმის “ექვთიმე” ერთ-ერთი შემქმნელი ლაშა კანკავა ხელოვანების დღევანდელ ყოფას აფასებს და მიაჩნია, რომ ისინი უსამართლოდ დაჩაგრულები არიან.

“ექვითმეს” გუნდი უკვე ორი წელია დიდი გაჭირვებით და უამრავი პრობლემის დაძლევით ცდილობს დაასრულოს ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა და დაფინანსება არ აქვს.

ლაშა კანკავა:

“ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა მაქვს რუსეთის იმპერიალისტურ დამოკიდებულებასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ. როცა უნდა ერთმორწმუნე რომ ვართ და როგორც კი საშუალება ეძლევა, რომ გვავიწროვებს. და ასევე დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა სოსო პავლიაშვილის სიტყვებზე, როცა მან მარგალიტად მოგვიხსენია რუსეთის იმპერიალისტურ გვირგვინში. არც მართმადიდებელი “ხაჩიკები” არ ვართ.

მაგრამ!!!
უნდა ვიმღეროთ, ვიცეკვოთ, ვითამაშოთ, დავდგათ და გადავიღოთ თუ არა რუსეთში. უნდა ამოვდიოდეთ თუ არა მხოლოდ საკუთარი სარგებლიდან, პატრიოტიზმზე და სამშობლოსთვის დღესდღეობით ყველაზე მტკივნეულ საკითხზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე თვალის დახუჭვის ხარჯზე.

მოიცა და… ღვინის გატანა თუ შეიძლება, ბორჯომის გატანა შეიძლება, ჩურჩხელები გადის, ხილი, ვიღაცეები თავის ნაწარმოებ ტანსაცმელს ყიდიან და ბიზნესები აქვთ, ამ ხელოვანმა ხალხმა რა დააშავა. ყველგან მათ რატო უნდა შემოიჭირონ ქამრები?!

აქ მე ისევ ჩემი პრობლემიდან ამოვალ, რომელიც ნამდვილად არ გადის „მუცელზე“ და პრინციპში არც მხოლოდ ჩემი პრობლემაა, თუ სწორად დავინახავთ.

ორი წელია მხატვრულ ფილმს ვიღებთ ექვთიმე თაყაიშვილზე, ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ, პატრიოტ, ღვაწლმოსილ და მისაბაძ ქართველზე საქართველოს ისტორიაში. ორი წელია რომელ სახელმწიფო სტრუქტურას არ მივმართეთ დახმარებისთვის. იმათ, ვისაც ეს სფერო ეხება და იმათაც, ვისაც არ ეხება. არაერთხელ თან და ყველგან ყოველ ჯერზე უარით გამოგვისტუმრეს. მათხოვრებად ვართ ქცეული და ქადაგად დავარდნილი. ბანკი აღარ დარჩა, სადაც სესხი არ გვაქვს, ბიზნესმენი, ვისაც რაღაც გარკვეულ თანხებს ვთხოვთ ფილმის დასამთავრებლად და გულშემატკივარი ქართველები საქართველოსა და საზღვარგარეთ, რომლებიც გარკვეულ თანხებს რიცხავენ ფილმის ანგარიშზე. ყველა ჩვენი პირადი თუ კომპანიის შემოსავალი ფილმის ბიუჯეტში გვაქვს მიმართული, საიდანაც თეთრს არ ვიღებთ.

ფული თუ არ გვქონდა რას ვიწყებდით?! თუ რა საჭიროა ეხლა ექვთიმეზე ფილმის გადაღება?! თუ პატრიოტიზმი არ არის ორი წლის განმავლობაში კბილებით რომ მიგყავს ფილმის გადაღება ბოლოსკენ. ფილმი პატრიოტიზმზე, სულის სიმტკიცეზე, სამშობლოს სიყვარულზე, ადამიანობაზე და ღირსეულ ფასეულობებზეა. თუ ბევრი იღება დღეს ასეთი და ერთით მეტი ერთით ნაკლები არაფერს წყვიტავს?! თუ უცხოელი მომღერლები ან ტურისტები უკეთ გვასწავლიან სამშობლოს სიყვარულს და გვანახებენ როგორები ვიყავით და საით მივდივართ ეხლა.

პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან არ ფასდება პატრიოტიზმი. არანაირი პროპაგანდისტული არც მხარდასაჭერი და წამახალისებელი ღონისძიებებიც კი არ ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით და სხვას ვის რა უნდა მოვთხოვოთ. რატომ არის ეს აგრესია მაინცდამაინც ხელოვანებზე არ მესმის. იმღერებენ, იცეკვებენ ითამაშებენ, დადგამენ და გადაიღებენ რუსეთში მანამ, სანამ საქართველოში პატრიოტიზმი მხოლოდ მწვავე კამათების და მანიპულაციების თემა იქნება.

ექვთიმეს სიტყვებია: სამწუხაროა, მაგრამ გოლოვინსკის პროსპექტზე სეირნობისას და სუფრაზე ყანწით ხელში კამათს ვერ სცდება ქართველების პატრიოტიზმიო. ეს მაშინ. ეხლა გოლოვინსკი არ არის, სოციალური ქსელებია, გადაცემები და ნუ სუფრა და ყანწის თემა ხომ მარადიულია ამ ქვეყანაში!”