12 აპრილი, 2017

“სწორად გამიგეთ!”

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე ბოლო პერიოდში ქართულ კულტურაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, სხვადასხვა სახელოვნებო სფეროში მოღვაწე ხელოვანებს მხარდაჭერას უცხადებს და საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებს.

აჩიკო ნიჟარაძე:

“ჩემი მხარდაჭერა მსახიობებს და კულტურაში მოღვაწე ყველა ღირსეულ ადამიანს. მადლობა ინგა გრიგოლიას ამ თემის წამოწევისთვის.

მეც მინდა შევეხო ამ თემას ჩემი კუთხით და ორიოდე სიტყვა დავწერო ქართულ კონცერტებზე, სიმღერაზე და პროექტებზე, რომლებიც როგორც ვხედავთ, არ ხორციელდება. ქართული სიმღერის შემსრულებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს, არასწორად, უგემოვნოდ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების გამო.

ის პროექტები, რომლებიც ასე ძალიან მოგვწონს, მათ შორის მეც მომწონს უცხოელი შემსრულებლების შესრულებით, მათთან მუშაობს პროფესიონალთა უდიდესი გუნდი. მაპატიეთ ამას რომ ვწერ, მაგრამ ამ პროფესიონალთა გუნდის გარეშე და დაფინანსების გარეშე შესაძლებელია უცხოელი ვარსკვლავიც მოგეჩვენოთ ძალიან ცუდად.

იმისათვის, რომ ნათელი მოვფინო ჩემს პოსტს, პატარა მაგალითს მოვიყვან.

კონცერტის გასამართად საჭირო პუნქტები:
1. საკონცერტო დარბაზი – ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის ან ნებისმიერი დარბაზის არენდა.
2. სცენის დეკორაცია, ან ეკრანები, რომლის მეშვეობით სცენაზე იქმნება სხვადასხვა ეფექტი, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება, ქართველი შემსრულებლებისთვის ძვირი ფუფუნებაა.
3. ორკესტრი – რომელიც ძალიან ალამაზებს და უხდება ქართულ სიმღერას, ასევე ძვირი ფუფუნებაა.
4. გახმოვანებისა და განათების კარგი აპარატურა, ასევე კარგი სპეციალისტი რომელსაც შეუძლია ამ აპარატურის მართვა.
5. რეჟისორი.
6. მუსიკალური ხელმძღვანელი.
7. პროდუსერი.

ეს ყველაფერი სავარაუდოდ 60.000-დან – 120.000 ლარის ფარგლებში დაუჯდება მომღერალ-შემსრულებელს. ეს ფასიც სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება, თუ უნდა შემსრულებელს ხარისხიანი კონცერტი ჩაატაროს. ამ თანხების მოძიების მერე, რა თქმა უნდა, იმისათვის რომ კონცერტმა ჩაიაროს ანშლაგით, საჭიროა რეკლამა, ანუ ტელევიზიის მხარდაჭერა. აქ უკვე ვხვდებით ურთულეს სიტუაციაში, ყველაზე ძვირი არის სატელევიზიო რეკლამა, ზოგიერთებისთვის ეს უფასოა. დამოკიდებულია ტელევიზიაზე, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ კონკრეტულ შემსრულებელთან. შესაძლებელია ისიც, რომ საერთოდ არ დაუჭირონ მხარი კონკრეტულ შემსრულებელს ფულიც რომ გადაიხადოს მაშინაც კი. 5-6 თვიანი ორკესტრთან, რეჟისორთან და მუსიკალურ ხელმძღვანელთან მუშაობის შედეგად, შესაძლებელია საბოლოოდ დაიდოს ისეთი პროგრამა, რომ რაღაც ღირებული შეიქმნას მსმენელისათვის. ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების გარეშე კონცერტი იქნება უხარისხო.

ზემოთ აღნიშნული ხარჯებიდან გამომდინარე, ბილეთის ფასი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სადაც 2500 ადამიანი ეტევა, მინიმუმ 50 ლარს უნდა შეადგენდეს, რომ მინიმუმ 0-ზე გავიდეს პროექტი მოგების გარეშე.

50 ლარი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძვირია და ხშირ შემთხვევაში ვერ იხდიან.
როგორც მსმენელმა რომ ვილაპარაკო, სასწორზე რომ დაიდება ყველანაირად გამართული მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტი, რომელშიც ბილეთის ფასი 50-60-70 ლარი უნდა გადავიხადო და მეორე მხარეს ქართველი შემსრულებლის კონცერტი, სადაც ზემოთ ნახსენები არცერთი პუნქტი არ იქნება და 50-60-70 ლარი უნდა გადავიხადო, რა თქმა უნდა, წავალ უცხოელი შემსრულებლის კონცერტზე, რომელსაც სავარაუდოდ 2.000.000 $ გადაუხდიან და სახლში წავა უბედნიერესი.

რა თქმა უნდა, მივესალმები უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანას, ეს კონცერტები ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის უბრალო კონცერტები არ არის, მასტერკლასია – უამრავ რამეს ვსწავლობ. უბრალოდ დაახლოებით 32.000.000 დახარჯული ლარიდან შესაძლებელი იყო, რომ ნახევარი მაინც დახარჯულიყო ქართველი ხელოვანი ადამიანების განვითარებაში, ქართულ პროექტებში.

სწორად გამიგეთ, არ ვადარებ თავს არავის, ყველას თავისი შესაძლებლობებით უდიდეს პატივს ვცემ, უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს კულტურის სამინისტროსთან – ხელოვან ადამიანებს, რომლებსაც უდიდესი სურვილი გვაქვს გავაკეთოთ კარგი ჩვენი ხალხისთვის, ღირებული ჩვენი მომავალი თაობისთვის, როგორ მოვახერხოთ, იქნებ აგვიხსნათ. ყველას არ ჰყავს მდიდარი მშობლები, საყვარლები და ქმრები და გვინდა, რომ ჩვენით მივაღწიოთ, რაც ჩაფიქრებული გვაქვს. კულტურის სამინისტრო გვჭირდება იმისათვის, რომ გვერდში დაგვიდგეს, პასუხად სამინისტრო საერთოდ აღარ აფინანსებს საესტრადო პროექტებს.

ერთიანობაა საჭირო და გონივრულად სჭირდება ყველაფერს დაგეგმვა, იმისათვის რომ შედეგი მივიღოთ, ერთად უნდა ვიმუშოვოთ სიყვარულით და არა ბოღმით, შურით და ღვარძლით ერთმანეთის მიმართ.”