26 აპრილი, 2017

ოქსფორდის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პრიზის მფლობელის გამოფენა ხელოვნების სასახლეში

27 აპრილს 19 საათზე ხელოვნების სასახლეში ბელგიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ოქსფორდის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პრიზის მფლობელისა და სხვა მრავალი საერთაშორისო გამოფენის მონაწილის მერაბ სურვილაძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა “ჩრდილები” გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის ავანგარდისტულ სტილში შესრულებული 20-მდე ფერწერული ნამუშევარი, რომელთა მთავარი გზავნილიც ტოლერანტობა და თანასწორობაა.

მერაბ სურვილაძის სახელოსნო ბრიუსელის ცენტრში „ბრასსელს არტ ფაქტორიში“ მდებარეობს და უკვე მრავალი წელია ბელგიაში კრეატიული და გამორჩეული მხატვრის სტატუსით სარგებლობს. მერაბ სურვილაძის შემოქმედებას განსაკუთრებული აღიარება უჩვეულო და მეტად საინტერესო ხატვის სტილმა “ჩრდილებმა” მოუტანა.

2017 წლის მარტში, ლონდონში “Saatchi Gallery”-ის მიერ ორგანიზებულ “the Other Art Fair”-ზე ხელოვანის შემოქმედებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამავე წლის თებერვალში კი ოქფორდში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე (International Art Fair), სადაც მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-მდე მხატვარი იღებდა, მხატვარი მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

გარდა კერძო კოლექციებისა, მერაბ სურვილაძის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადახვა გალერეებსა და მუზეუმებში მათ შორის ბრიუსელის „მუზეუმ არტ სპონტანე ა ნაივე”-ში (Museum Art Spontaneous a Naïve) სადაც მრავალი ცნობილი მხატვრის ფერწერული ტილოა თავმოყრილი.

ექსპოზიცია ხელოვნების სასახლის დროებით საგამოფენო დარბაზებში 8 მაისამდე დარჩება.