22 აპრილი, 2017

ნინო ქათამაძის ტრიუმფი ლინკოლნ ცენტრში

ნიუ იორკის ლინკოლნ ცენტრში ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ნინო ამერიკაში თავის ჯგუფთან “ინსაითთან” ერთად ჩავიდა და სცენაზე ყოფნის 15 წელი განსაკუთრებული კონცერტით აღნიშნა.

ნინო ქათამაძის და ინსაითის გარდა, კონცერტში მონაწილეობდნენ ნიუ იორკში მცხოვრები ახალგაზრდა ჯაზმენი ბაჩა მძინარაშვილი, მისი ბენდი და ნიკოლოზ რაჭველი.

ნიუ იორკული კონცერტის შესახებ ინფორმაცია ნიკოლოზ რაჭველმა გაავრცელა:

“ვიცი, ყველას გაგიხარდებათ, ნინო ქათამაძის და ინსაითის კონცერტმა (აგრეთვე ბაჩა მძინარაშვილის, მისი ჯგუფის და თქვენი მონა-მორჩილის მონაწილეობით) ძალიან წარმატებულად ჩაიარა ნიუ იორკის ლინკოლნ ცენტრში!

იყო ნამდვილი ტრიუმფი და ძალიან დიდი სიყვარულის გაცვლა სცენასა და დარბაზს შორის! ის რაც ყოველთვის თან სდევს ნინოს გამოსვლებს მთელს მსოფლიოში! მიხარია და ვამაყობ!

სხვათა შორის, დღეს 21 აპრილს ზუსტად 15 წელი გავიდა ნინოს პირველი სოლო კონცერტიდან, რომელიც სამეფო უბნის თეატრში გაიმართა 2002 წელს და სადაც ქართველმა ხალხმა უპირობოდ აღიარა და გზა დაულოცა უდიდეს მომღერალს, ჩვენი სამშობლოს ისტორიაში ყველა დროის გამორჩეულ შემოქმედს! ამიტომ ნინოს ყოველ გამარჯვებას ვულოცავ ჩემს ხალხს, რომელსაც, საბედნიეროდ, ღმერთი დაუნანებლად ჩუქნის ასეთ ადამიანებს!”