12 აპრილი, 2017

მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბაქოში მიდის

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გასტროლებზე ბაქოში მიემგზავრება, თუმცა მანამდე თბილისში ბაქოს მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ჩამოვა.

თბილისის და ბაქოს მოზარდ მაყურებელთა თეატრები გაცვლით საგასტროლო სპექტაკლებს წარმოადგენენ.

21 და 22 აპრილს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში საგასტროლო სპექტაკლებს გამართავს ბაქოს მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი. დიდ სცენაზე რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ონავარი თხა“, რომლის რეჟისორიც აილა ოსმანოვაა. სპექტაკლები 13 საათზე დაიწყება.

20 და 21 მაისს ბაქოს მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მიერ აზერბაიჯანელი მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება გურამ ბრეგაძის მიერ რუსულ ენაზე დადგმული სპექტაკლი „სამეფო ძროხა“.

აღნიშნული თეატრალური პროექტი მიზნად ისახავს პარტნიორ ქალაქებში – თბილისსა და ბაქოში გაცვლით კულტურულ ღონისძიებებს.