3 აპრილი, 2017

“თუ გვინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ…”

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სურს ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ რას აკეთებენ ისინი ამისთვის?

თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ამის შესახებ რეკომენდაციებს მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე გვაძლევს:

“აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კანონი.

1. ქუჩაში ნაგვის დაყრაზე – (სადაც ცხოვრობ, უბრალოდ, იქ საღორე არ უნდა მოაწყო).

2. მთვრალ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე – (უკვე მერამდენე ადამიანი უნდა შეიწირონ) უნდა აეკრძალოს მთელი ცხოვრება მართვის მოწმობის აღება, სხვისი მანქანის მართვის შემთხვევაში, დაკავებისას კანონით უნდა ჩამოერთვას მანქანა, ასევე უნდა აეკრძალოს სამომავლოდ მანქანის შეძენა და თავის სახელზე გაფორმება. ამის მერე ვეღარ გაბედავენ მთვრალი მანქანაზე დაჯდომას.

3. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევაზე – (დროა ვიზრუნოთ ყველამ ერთად ჩვენს საკუთარ ბავშვებზე და იმ ადამიანებზე, ვისაც ამდენი წლის მანძილზე ვაწუხებდით და არც გვაინტერესებდა.)

4. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღებაზე – (თუ ევროპის ქვეყნების კავშირის წევრობაზე გვაქვს პრეტენზია, ქუჩაში დალევა, ღრიალი და გინება უკვე აღარ უნდა გვაინტერესებდეს.)

5. აფთიაქებში ურეცეპტოდ წამლების გაცემაზე – (იღუპება ბავშვების დიდი ნაწილი). დააკავეთ ყველა, ვინც ოფიციალურად ბარიგობს და სპობს ჩვენ მომავალს. სხვა რა უნდა დავარქვათ, თუ არა ოფიციალური ბარიგა. თუ სხვა სახელი ჰქვია, თქვენ დაარქვით.

6. საცხოვრებელ კორპუსებში ბორდელების გახსნაზე – დააჯარიმეთ ადამიანები, ვინც საკუთარ ბინას აქირავებენ ბორდელებზე. (წალეკა ბორდელებმა თბილისი). ამდენი საგანმანათლებლო ცენტრი, უნივერსიტეტების ფილიალი და ბიბლიოთეკა არ არის ერთად აღებული ქალაქში, რამდენიც ბორდელია.

7. დაჯარიმდეს ყველა ფეხითმოსიარულე, ქუჩაზე ფეხით გადასვლის გამო, სადაც არ შეიძლება გადასვლა, ან მიწისქვეშა გადასასვლელია. (საფრთხეს უქმნიან სხვასაც და თავის თავსაც).

8. შემსუბუქდეს კანონი ნარკოტიკის მომხმარებლებზე და სახელმწოფომ შეიმუშაოს გეგმა, იქნება როგორმე დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რომ გადარჩნენ და არ დაიხოცონ, გამკაცრდეს კანონი ბარიგობასთან დაკავშირებით.

თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ეს რაღაცეები უნდა შევცვალოთ. ამის გარდა, რა თქმა უნდა, უამრავი რაღაც არის კიდევ შესაცვლელი, უბრალოდ ცოტა რომ გაუჩნდეთ სურვილი ადამიანებს ამ ქვეყანაში ჩამოსვლის ან მოგზაურობის, ეს ყველაფერი უნდა დალაგდეს.”