Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნელი სალამაძე გარდაიცვალა

12 აპრილი, 2017

ნელი სალამაძე გარდაიცვალახელოვნების ქურუმი და ცხინვალის თეატრის სცენის წამყვანი ოსტატი ნელი სალამაძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია ცხინვალის თეატრმა გაავრცელა:

“არ გვინდა დაჯერება, რომ ეს მოხდა… რომ ჩვენს თეატრალურ ოჯახს გამოაკლდა ღვაწლმოსილი მსახიობი, სცენის წამყვანი ოსტატი, ხელოვნების ქურუმი ნელი სალამაძე… უბრალოდ კი, ყველასთვის საყვარელი ნელიკო…

ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურა ქალბატონი ნელი ცხინვალის თეატრს უამრავი დასამახსოვრებელი როლით, უანგაროდ გაცემული სითბოთი და სიყვარულით… ყოველთვის მოწესრიგებული, სამაგალითო მსახიობი… საიმედო მეგობარი… ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარდა სიცოცხლე, ტკბებოდა მისით, ცდილობდა, ბოლომდე შეეგრძნო ცხოვრების ყველა სიკეთე და ამით სტიმული მიეცა სხვებისთვისაც…

ქალი, რომელიც არასოდეს ივიწყებდა, რომ იყო ქალი… ბოლომდე დარჩა ახალგაზრდა, ამიტომაც ეგონა ყველა თაობას მისი ტოლი, ყველას სიყვარულით მეგობრებოდა… სიმბოლურია მისი უკანასკნელი როლი „მაკმარე ანგელოზი“ დიდი, თეთრი ფრთებით… მსუბუქად, უხმაუროდ რომ დაფარფატებდა სცენაზე. ასე უხმაუროდ, უეცრად გაგვიფრინდა ჩვენი ნელიკო…”

ცხინვალის თეატრის წევრმა რუსკა გელაძემ კი ნელა სალამაძისა და გივი ბერიკაშვილის ერთობლივი ფოტო გაავრცელა:

“ქალბატონი ნელი სალამაძე და ბატონი გივი ბერიკაშვილი. სპექტაკლიდან “ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”. რა სიმბოლურია, ალბათ იმ ქვეყნადაც ასე ხელი-ხელ ჩაკიდებულები მიდიან. 13 აპრილს, ჩვენთვის უძვირფასეს ამ ორ ადამიანს, ერთად გავაცილებთ უკანასკნელ გზაზე… უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროთ… ძალიან მოგვენატრებით და დაგვაკლდებით.”

ნელი სალამაძე გარდაიცვალა