Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გორს კი დაამშვენებდა მეფე სიმონის ძეგლი”

28 აპრილი, 2017

"გორს კი დაამშვენებდა მეფე სიმონის ძეგლი"ისტორიკოსი ბუბა კუდავა საქართველოს ერთ-ერთი მეფის სიმონის საინტერესო ამბავს იხსენებს და გამოთქვამს სურვილს გორში მისი ძეგლი დაიდგას.

“ორი გორელის ამბავი” – ასე ეწოდება ისტორიას, რომელსაც ბუბა კუდავა ისტორიის მოყვარულებს უზიარებს:

“ჯვარია სწერია ყველას და დღესაც კი როგორი რთულია უცხოეთში გარდაცვლილი კაცის საქართველოში ჩამოსვენება. ასეთი ტექნოლოგიების, საჰაერო თუ სახმელეთო კომუნიკაციების პირობებშიც კი როგორი ძნელია.

და წარმოვიდგინოთ, რა ჯოჯოხეთი იქნებოდა ეს ძველ სამყაროში. და რა იქნებოდა, როცა საქმე მტრულ ქვეყანასა და შენი ქვეყნის მეფის ცხედარს ეხებოდა. და რა მარიფათი, გაბედულობა და სიმტკიცე სჭირდებოდა მას, ვინაც თავს იდებდა ასეთ საქმეს.

დღენიადაგ მებრძოლმა და მოუსვენარმა სიმონმა სტამბოლში, ტყვეობაში განისვენა. დაემთხვა ისე, რომ ოსმალთა დედაქალაქში ერთი გორელი ვაჭარი, გვარად „დიაკუნისშვილი“ (თანამედროვე გამოთქმით – დიაკვნიშვილი) ყოფილიყო.

„და ამან იშოვნა ძუალნი სვიმონ მეფისანი“. წამოაბრძანა გმირი მეფის ცხედარი და დედოფალსა და უფლისწულს „მოართუა“.

იყო გლოვა დიდი. წინაპრების საძვალეში – სვეტიცხოველში დაკრძალეს. ახლაც იქაა ამ უცნაური, თავისუფლებისმოყვარე, ქედუხრელი, ბრძოლისთვის დაბადებული და მუხთალ დროში გაჩენილი მეფე სიმონის ძვლები – საკათედრო ტაძარში, სადღაც, მაგრამ სად ზუსტად, სხვა დიდ მეფეთა და წინაპართა მსგავსად, არც ეს ვიცით. მოგვიხერხებია და, საფლავის ქვაც დაგვიკარგავს და ხსოვნაც. მაგრამ ვიცით, რომ იქაა და სვეტიცხოველში მისულებმა, გრიგოლ რობაქიძისა არ იყოს, იქნებ სიმონსაც ვარგუნოთ თითო სანთელი?

დიაკუნისშვილს რაც ეხება, რომლის სახელიც კი არა ვუწყით, დაუფასა მეფე სიმონის სახლეულმა მარიფათიც, გაბედულობაც, სიმტკიცეცა და სიყვარულით გამოვლილი ჯოჯოხეთიც. მადლობის ნიშნად ათავისუფლეს ყმობისაგან და ჯვრის მონასტერს შესწირეს, სიმონის სულის საოხად (მონასტრის ყმობა პატივი და პრივილეგია გახლდათ იმ დროში).

გორელი იყო ეს დიაკვნიშვილი.
სიმონსაც გამორჩევით უყვარდა გორი, გორისციხე და გორიჯვარი. სულ იქ ტრიალებდა.
ალბათ ამ გორელსაც უყვარდა მეფე სიმონი. ალბათ მასაც გამორჩევით…

პ. ს. ისე, გორს კი დაამშვენებდა მეფე სიმონის ძეგლი და დიაკვნიშვილის ხსენებაც, სადმე იქვე…”