7 აპრილი, 2017

ირაკლი ფარჯიანის 41 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე

ირაკლი ფარჯიანის სიცოცხლე 41 წლის ასაკში შეწყდა. მან მთელი ცხოვრება ხატვას მიუძღვნა.

– მე რომ არ ვხატო, ეს სიკვდილს უდრის, – ასე ამბობდა ცნობილი ქართველი მხატვარი ირაკლი ფარჯიანი.

მისი ნამუშევრებიდან გამორჩეულია სახარების თემაზე შექმნილი ნახატები – ლუკას, იოანეს და მარკოზის სახარებების ილუსტრაციები, ასევე საბავშვო ბიბლიის ილუსტრაცია. ამ ნამუშევრების შემქნას წინ დიდი ტრაგედია უძღოდა – მხატვარს დედა გარდაეცვალა და სულიერი ტკივილის შესამსუბუქებლად სახარება წაიკითხა. მას შემდეგ, ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების მთავარი თემა – ღმერთი, სიყვარული და სიკეთე გახდა.

მხატვარს ჯანმრთელობა მალე შეერყა. თავს არ უფრთხილდებოდა და მთელ დღეებს ხატვაში ატარებდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდებოდა. ამას მხატვარი დიდ ყურადღებას არ აქცევდა და მეუღლის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, საკუთარ ჯანმრთელობას არ უფრთხილდებოდა.

როდესაც საღებავები არ ჰქონდა, მეგობრები ჩუქნიდნენ, მოგვიანებით კი თვითონ დაიწყო საღებავების დამზადება. სვანეთიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსული მხატვრისთვის ე.წ. ხრუშჩოვკაში არ იყო საკმარისი სივრცე, რომ სახელოსნო ჰქონოდა, ამიტომ თავისი ოთახი ფარდით შუაზე გაყო – ნახევარში სახელოსნო მოაწყო, ნახევარში კი ტახტი დადგა და იქ ეძინა. მისი წვალება დიდხანს არ გაგრძელებულა. მხატვარი ნუცუბიძის ქუჩაზე 16 სართულიანი კორპუსის სახურავზე დაბინავდა და საცხოვრებელ ოთახებთან ერთად სახელოსნოც მოაწყო. რაც არ უნდა ეკეთებინა, მისი გონება ყოველთვის ხატვით იყო დაკავებული – მე რომ არ ვხატო, ეს სიკვდილს უდრის, – ამბობდა მხატვარი.

ბევრმა ალბათ არც იცის, რომ ირაკლი ფარჯიანი ლექსებსაც წერდა: – “ხელოვნება ჩემი ღმერთია”, – წერს მხატვარი თავის ერთ-ერთ ლექსში.

ირაკლი ფარჯიანი გერმანიაში მიიწვიეს, სადაც სახელოსნოც მისცეს და სამუშაოც, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მას საქართველოში დაბრუნება მოუწია.

90-იანი წლები იწყებოდა და საქართველოში არეულობა იყო, თბილისში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, ცეცხლის ალში იყო გახვეული დედაქალაქის ცენტრი, იწვოდა მხატვრის სახლი, ამან მხატვარზე უარყოფითად იმოქმედა და ხატვის სურვილი დაუკარგა. ირაკლი ფარჯიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდებოდა. მხატვარი სამკურნალოდ საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი 1991 წელს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხელოვანმა გარდაცვალებამდე მეუღლეს სთხოვა, მისი პერსონალური გამოფენები არ მოეწყო, იმიტომ რომ ამის გაკეთება არც სიცოცხლეში უყვარდა. თხოვნის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებას გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს.