21 აპრილი, 2017

თბილისში 72 წლის მსახიობი მოკლეს

თბილისში 72 წლის მსახიობი მოკლეს. შემთხვევა თემქაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. ხელოვანი სახლში მარტო ცხოვრობდა. მსახიობის მკვლელობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

მისმა ახლობლებმა სახლში კარი შეამტვრიეს და ნუნუ ზაკალაშვილი გარდაცვლილი იპოვნეს. მას მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

სამართალდამცავებმა ამავე კორპუსში მცხოვრები 25 წლის ახალგაზრდა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ინფორმაციას ტელეკომპანია “იბერია” ავრცელებს.