11 მარტი, 2017

ვინ თაღლითობს ინგა ფერაძის სახელით?

მომღერალი ინგა ფერაძე ბელგიაში ცხოვრობს. მან გასულ წელს მოახერხა, ჩამოვიდა საქართველოში და კინომსახიობთა თეატრში მონატრებული მსმენელისთვის კონცერტიც გამართა.

ინგა ფერაძემ მხოლოდ ერთხელ გაავრცელა სპეციალური ვიდეომიმართვა, რომელშიც სამშობლოში დაბრუნების და სამუდამოდ ცხოვრების სურვილი გამოთქვა.

ინტერნეტში გამოჩნდნენ თაღლითები, რომლებიც ინგა ფერაძის სახელს იყენებენ და მომღერლებს, კომპოზიტორებს, მსახიობებს თუ უბრალო, რიგით ადამიანებს მისი სახელით ფულს სთხოვენ.

ინგა ფერაძის თხოვნით სპეციალური მიმართვა მისმა მეგობარმა მარინე არონაშვილმა გაავრცელა:

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობო თუ უცნობო ქართველო მომღერლებო, მსახიობებო, კომპოზიტორებო და ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანებო!

მინდა ყველას გაცნობოთ და გთხოვთ შემდეგ გააზიაროთ ეს პოსტი ჩვენი ყველასათვის საყვარელი მომღერალის, ქალბატონ ინგა ფერაძის თხოვნით!

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და ვრცელდება თხოვნა მატერიალურ დახმარებაზე ქალბატონი ინგას სახელით რომელიც ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს!

არავითარი თხოვნა ასეთი დახმარების შესახებ ქალბატონ ინგას არ დაუწერია, არ გამოუქვეყნებია და არც უთხოვია!

გთხოვთ ყველამ გაითვალისწინოთ ეს განცხადება და არ მოტყუვდეთ, არავითარი ფული არ გადასცეთ არავის!”