15 მარტი, 2017

“უაღრესად საინტერესო გამოსახულებაა”

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ქართული საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ფაქტს ასაჯაროვებს:

“უკვე ერთი კვირაა, საქართველოს ხელოვნების სასახლის დელეგაცია პოლონეთში იმყოფება. ვესტუმრეთ არაერთ მუზეუმსა თუ ისტორიულ ძეგლს.

დღეს ვიყავით ვარშავაში პოლონეთის მეფეთა სასახლეში და სწორედ აი აქ, ჩვენთვის საინტერესო ერთი ფაქტი აღმოვაჩინეთ, კერძოდ მე-17 საუკუნეში ბართოლომეუს შაჰმანს უმოგზაურია ოსმალეთის იმპერიაში, ჩაუხატავს არაერთი მოხელე თუ მოღვაწე და მათ შორის დაუხატია ქართველიც, მართალია ეს გურჯი (მარჯვენა ზედა კუთხეში მინიატურას აწერია Georgianca) ოსმალურ ტანსაცმელშია გამოწყობილი, მაგრამ ეს გარემოება მაშინდელ საქართველოში დამკვიდრებულ ვითარებას, პოლიტიკურ სიტუაციასა და მოდას ასახავს!

ამ თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო გამოსახულებაა (მსგავსი პირადად მე მანამდე არ მინახავს), მით უფრო, რომ ასეთი მინიატურებით ჩვენი ისტორიოგრაფია განებივრებული არაა! ამ მინიატურის დედანი ყატარის ორიენტალიზმის მუზეუმშია დაცული, პოლონეთში გდანსკის მუზეუმმა გამოფინა და მიუძღვნა კატალოგიც კი. სწორედ აქედან გახდა ჩვენთვის ცნობილი ეს სასიხარულო ფაქტი.”