17 მარტი, 2017

გალაკტიონის წინასწარმეტყველურად ახდენილი სიტყვები

მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოეზიის მეფეზე – გალაკტიონ ტაბიძეზე ბევრი თქმულა და ბევრი დაწერილა, მისი პიროვნება იყო, არის და დარჩება ქართველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და ამავე დროს ამოუცნობ ფენომენად.

რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე პოეტი დავით შემოქმედელი გალაკტიონთან დაკავშირებით საინტერესო ჩანაწერს აქვეყნებს:

“1959 წლის 17 მარტს, 18 საათზე, თბილისის მეოთხე საავადმყოფოს ეზოში, ამავე საავადმყოფოს ელექტრომექანიკოსმა ვლადიმერ მურადოვმა იქვე, ქვის კიბესთან, სადაც ბეტონის ფილები ეწყო, შემთხვევით შეამჩნია, რომ იწვა მამაკაცი. კარგად რომ დააკვირდა, იცნო ქვაფენილს დანარცხებული გალაკტიონ ტაბიძის ცხედარი.

ასე დასრულდა მეოცე საუკუნის უდიდესი ქართველი ლირიკოსის ფიზიკური სიცოცხლე. მანამდე კი?! როგორ მივიდა იგი ამ ნაბიჯამდე? აი კითხვა, რომელზედაც არსებული ეპოქისა და პოეტის ცხოვრების სრული ანალიზის გარეშე პასუხი არ გაეცემა.

როცა პოეტის ტრაგიკულ ბედზე ფიქრობ, უნებურად გახსენდება ჰაინეს სიტყვები: ,,თუკი სამყარო გაიბზარება, პოეტის გულზე გაივლის ბზარი’’. მაინც როგორი იყო ის სამყარო, უფრო სწორად, ის ეპოქა, რომელშიც პოეტი ცხოვრობდა, შეეძლო თუ არა მას ‘’პოეტის გულზე ბზარის დაჩნევა’’.

,,წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი’’. ერთი ეპოქა კი გათავდა, მაგრამ დაიწყო მეორე, უფრო ,,დიდი’’ ეპოქა, ეპოქა ძველის ნგრევის, კატაკლიზმებისა და ახალი იდეოლოგიის დამკვიდრებისა.

ყოველი ჭეშმარიტი პოეტის ფიქრის მაგისტრალური ხაზი სამშობლოზე გადის და 1917 წლით დათარიღებულ შედევრში ,,მზეო თიბათვისა’’. გალაკტიონი ასე ლოცულობს: ,,ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება, მზეო თიბათვისა, ამას გევედრები’’. ბედისწერა კი მის სამშობლოს სწორედ ქარტეხილს უქადის.

დგება 1924 წელი და ქართული ინტელიგენციის გენოციდი. გზისპირებსა და ვაგონებში იხოცება ათასობით უდანაშაულო ადამიანი. ქვეყანაში ორი მთავარი მოქმედი გმირი დგას ავანსცენაზე: უსამართლობა და შიში. ლიტერატურული ატმოსფეროც აიმღვრა, ფრიდონ ნაროუშვილი, კალე ფედოსიშვილი და ძმანი მათნი პროლეტმწერლობის სახელით კლასიკურ მემკვიდრეობას არბევენ. იბეჭდება ილია ჭავჭავაძის განმაქიქებელი პოემები და ლექსები. 1926 წელს კონსტანტინე გამსახურდიას აპატიმრებენ და სალოვკის ბანაკში გზავნიან. გრიგოლ რობაქიძე ემიგრაციაში მიდის. აქანდა ზვავი, რომლის შეჩერება შეუძლებელია. ალიო მაშაშვილი ერთ-ერთ ლექსში გალაკტიონს კიცხავს – რატომ ჩვენს რელსებზე არ დგახარო და თავის მოკვლას ურჩევს. კრიტიკოსი ბენიტო ბუაჩიძე უფრო ,,შემწყნარებელია’’ და მაშაშვილს აკრიტიკებს, მაგ რჩევას ის სჯობდა, ტაბიძისათვის იდეურად გამართული კარგი ლექსების წერა გესწავლებინაო.

პოეტი უკიდურეს მატერიალურ სივიწროვეს განიცდის. უკანასკნელ გროშებს ითვლის. პარადოქსია, ამ დროს გიგლა ბერბიჭაშვილი – ილიას მკვლელი, ამ ,,დამსახურებისათვის’’ პერსონალურ პენსიას იღებს და მუხრანის რევკომის თავმჯდომარეობიდან სახელმწიფო ღვინის ქარხნის გამგედ გადაჰყავთ.

ახლოვდება ცნობილი ოცდაჩვიდმეტი წელი. მეუღლის ხალხის მტრად შერაცხვა, ჩრდილოეთში გადასახლება და მასთან განშორების ტკივილი. დაკარგვა ადამიანისა, ვინც პოეტის არეულ-აწეწილ ცხოვრებას აწესრიგებდა. ყოფითმა უბედურებამ უიმედო სევდაც ამოათქმევინა:,,შენ ფოლადივით ცივი თვალებით, უცქერ განვლილ გზას და არ ემდური, რად გინდა იყო დიდი პოეტი, თუ სიცოცხლეში ხარ უბედური’’.

ფიზიკური განადგურებისაგან უკვე აღარავინ არის დაზღვეული. ოფიციალურად ხდება დასახვრეტი ლიმიტებისა და ხალხის დაპატიმრების გეგმების დავალება რაიონებისა და სოფლებისადმი. (იხ. სკკპ პარტარქი ვი. ფ. 14, საქმე 37, გვ. 280). ლავრენტი ბერია მოსკოვში გზავნის თხოვნას ლიმიტების გაზრდის შესახებ. სახოტბო პოეზია აპოგეას აღწევს. ვისაც საამისოდ კალამი უჭრის, ამქვეყნიური დიდებით ჰქუხს. გალაკტიონს ერთხელაც არ ირჩევენ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრად, არ აძლევენ სტალინურ პრემიას, სტრიქონში უმცირეს ჰონორარს უხდიან. მისი წიგნი საგამომცემლო გეგმიდან გეგმაში გადადის. პოეტი ამ საშინელ ყოფას ასე გადმოგვცემს: “სწამებენ ობობას ლომობას, ორბობას, ეს კატის კნუტები… იძვრიან კუტებიც, სულ აქოთებული ქანაობს კრებული, ეგრეთ წოდებული ბერიას კუდები”. სწორედ ეს ბერიას კუდები მართავენ სამშობლოს ბედს.

დრო გადის, მაგრამ პოეტის გამძაფრებული ნერვის ტკივილი არ ყუჩდება. უჭირს შეგუება იმ აზრისა, რომ წინ სულ სხვა სამშობლო ჩნდება: ,,რაა მასზე გულდამწყვეტი მეტეხო და დიღმის ველო, მიდიოდე და ფიქრობდე, ეს არ არის საქართველო’’.

აი, იმ ეპოქის ზოგიერთი სურათი, რომელსაც პოეტის გულზე ბზარი უნდა დაემჩნია. სამედიცინო დასკვნაში ვკითხულობთ: ,,გადიდებულია გული და ღვიძლი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი’’. ვის ახსოვდა თბილისის ქუჩებს ,,ცოცხალ ძეგლივით’’ შეზრდილი პოეტი! 1959 წლის 17 მარტიც. წინასწარმეტყველურად ახდენილი სიტყვები: ,,და თუ ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილისი ავირჩიე ბებერი, თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს, მე მოვკვდები როგორც პოეტს შეჰფერის”.
წიგნიდან- ,,რას ტვიფრავ სულზე“. 1997 წელი.”