25 მარტი, 2017

“რა უღელი აღარ დაგვდებია კისერზე…”

– დაუპყრიათ, უხოციათ, უოხრებიათ, მეფენი ჩამოუგდიათ, უცვლიათ, სიკვდილით დაუსჯიათ, გამყიდველნი უჯილდოვებიათ, ახალი წესები შემოუღიათ, ეკლესიები უძარცვიათ, უნგრევიათ, ბერ-მონაზვნები უხოციათ… მაგრამ არცერთი მათგანი არასოდეს მიჰკარებია ეკლესიის ავტოკეფალიას (თვითმწყსობას). არც კი უცდიათ, – აცხადებს ისტორიკოსი ბუბა კუდავა და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბუბა კუდავა:

“ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა და ავტოკეფალიის მოპოვება-განმტკიცების შემდეგ რა უღელი აღარ დაგვდებია კისერზე:
სპარსელებისა,
არაბებისა,
ბიზანტიელებისა,
თურქ-სელჩუკებისა,
ხვარაზმელებისა,
მონღოლებისა,
ოსმალებისა,
ყიზილბაშებისა,
სხვათა და სხვათა…

დაუპყრიათ, უხოციათ, უოხრებიათ, მეფენი ჩამოუგდიათ, უცვლიათ, სიკვდილით დაუსჯიათ, გამყიდველნი უჯილდოვებიათ, ახალი წესები შემოუღიათ, ეკლესიები უძარცვიათ, უნგრევიათ, ბერ-მონაზვნები უხოციათ…

მაგრამ არცერთი მათგანი არასოდეს მიჰკარებია ეკლესიის ავტოკეფალიას (თვითმწყსობას). არც კი უცდიათ.

12-საუკუნოვანი უწყვეტი ისტორიის შემდეგ ეკლესიის დამოუკიდებლობას პირველად სწორედ ერთმორწმუნე რუსეთი ეხება.
ქართლ-კახეთის დაპყრობიდან 10 წელიწადში აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლის საკათალიკოსოს) ავტოკეფალიას აუქმებს,
იმერეთის დაპყრობიდან 4 წელიწადში – დასავლეთ საქართველოსას (აფხაზეთის საკათალიკოსო).
100 წელზე მეტი დასჭირდა რწმენას, შრომას, ბრძოლას…

ბოლოს, 1917 წლის 25 მარტს აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
100 წელი გავიდა…
ზუსტად 100 წელი.
მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ!”