9 მარტი, 2017

პლასტიკაში გაცოცხლებული “ვეფხისტყაოსანი”

ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი” უხმოდ წარმოადგინო და ამხელა ნაწარმოები მაყურებელს ყოველგვარი სიტყვების გარეშე მიაწოდო.

მაესტრო ამირან შალიკაშვილმა ეს შეძლო და გენიალური “ვეფხისტყაოსანი” ქართველ მიმებთან ერთად პლასტიკაში გააცოცხლა. ამირან შალიკაშვილი ჯერჯერობით პირველი და ერთადერთია, ვინც თეატრსა თუ კინოში შოთა რუსთაველის ქმნილების დადგმა გაბედა.

სპექტაკლის პრემიერა პანტომიმის თეატრში შედგა, მაყურებელთა დიდი რაოდენობის გამო კი დადგმა მარჯანიშვილის თეატრშიც გათამაშდა. სპექტაკლში მაესტრო ამირან შალიკაშვილიც მონაწილეობს და ის იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში ფრესკაზე ასახულ შოთა რუსთაველს აცოცხლებს.

შემოქმედებითი ჯგუფის გადაწყვეტილებით, სპექტაკლი საქართველოს რეგიონებში იწყებს მოგზაურობას. პირველი გასტროლი გორში უკვე შედგა, აპრილში კი პანტომიმის თეატრი “ვეფხისტყაოსანს” საჩხერეში, ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში ითამაშებს.

“არტ ინფო” გთავაზობთ ამირან შალიკაშვილის მიერ დადგმული “ვეფხისტყაოსნის” სარეკლამო ვიდეორგოლს, სადაც ქართული სიტყვის ძალა, შოთა რუსთაველის გენიალურობა და მისი ნაწარმოების უკვდავება პლასტიკის ენით არის გადმოცემული.