27 მარტი, 2017

ლეილა ძიგრაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის წინ საქართველოს სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილის ვარსკვლავი 30 მარტს გაიხსნება.

ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალამდე თეატრის დიდ სცენაზე მსახიობის ბენეფისი გაიმართება, რომელიც 20 საათზე დაიწყება.

ლეილა ძიგრაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1948-65 წლებში მოღვაწეობდა. მისი მონაწილეობით აღსანიშნავია სპექტაკლები: „პრინცესა ტურანდოტი“, „გალილეო გალილეი“, „ოჯახი“ და სხვა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის შემდეგ ლეილა ძიგრაშვილმა სამსახიობო კარიერა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწოფო აკადემიურ თეატრში გააგრძელა. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი” (ელენე) რეჟისორები თემურ ჩხეიძე და რობერტ სტურუა, ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (იოსების დედა) რეჟიოსრი რობერტ სტურუა, გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“ (მოახლე) რეჟისორი თემურ ჩხეიძე…

თეატრის გარდა ლეილა ძიგრაშვილი აქტიურად მოღვაწეობდა კინემატოგრაფში. მსახიობი გადაღებულია ფილმებში „ვირთხა“, „გამოცხადება“, „ნატვრის ხე“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“, “სიყვარული, ივერია და..1975“, „მოიტაცეს თამარ ქალი“, ავთანდილ ვარსიმაშვილის გახმაურებულ ტელე-სერიალში „სახლი ძველ უბანში“, სადაც გურამ საღარაძის მეუღლის – თამილას პერსონაჟი განასახიერა.

ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, რომ ლეილა ძიგრაშვილს გახმოვანებული აქვს უამრავი ფილმი, იგი კინოგახმოვანებაზე 1949 წლიდან მუშაობდა. მის მიერ გახმოვანებულია ელდარ შენგელაიას, მერაბ კოკოჩაშვილის, რეზო ჩხეიძის, ზაზა კოლელიშვილის, ნანა მჭედლიძის, გიგა ლორთქიფანიძის ფილმების პერსონაჟები.

გახმოვანებული კინოგმირებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმიდან „შერეკილები“ მარგალიტას პერსონაჟი, რომელსაც არიადნა შენგელაია თამაშობს, ფილმიდან „წარსული ზაფხული“ მედეა ჯაფარიძის პერსონაჟი, ფილმიდან “ჩვენი ეზო” სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი, ფილმიდან „პირველი მერცხალი“ გულჩინა დადიანის პერსონაჟი, ფილმიდან „დათა თუთაშხია“ მუშნის დედა, ფილმიდან „დიმიტრი თავდადებული“ ლიანა ასათიანის პერსონაჟი, ფილმიდან „დიდი მწვანე ველი“ ლია კაპანაძის პერსონაჟი, ფილმიდან „გარიგება“ ნანული სარაჯიშვილის პერსონაჟი, ფილმიდან „ფატიმა“ ფატიმას პერსონაჟი, ფილმიდან „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ არიადნა შენგელაიას პერსონაჟი… ლეილა ძიგრაშვილი ასევე ახმოვანებდა რუსულ და ინდურ ფილმებსაც.

მსახიობმა მონაწილეობა მიიღო რადიო „იმედის“ პროექტში „ვეფხისტყაოსანი ყველასათვის“.