6 მარტი, 2017

გია ყანჩელი დუმილს არღვევს

– ჩემი უკვე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე თავს ვარიდებდი მონაწილეობა მიმეღო მრავალრიცხოვან დაპირისპირებებში, რომლებიც ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან დღემდე, თან ახლავს ჩვენს ორად გახლეჩილ საზოგადოებას, – აცხადებს კომპოზიტორი გია ყანჩელი.

უცხოეთში მცხოვრები ხელოვანი ეხმაურება საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენებს და გადაცემების “უცნობი მუსიკა” და “წითელი ზონა” დახურვას აპროტესტებს.

ამ თემებისადმი მიძღვნილ გია ყანჩელის წერილს “უცნობი მუსიკის” წამყვანი კახა თოლორდავა ასაჯაროვებს:

“ჯერ ვფიქრობდი, რა პონტია ამის დადება საკუთარ გვედზე-მეთქი. მერე კი ცოტა დავფიქრდი და გადავწყვიტე, რატომაც არა თქო, თანაც, ამის გაკეთების უფლება თვით ამ ტექსტის ავტორმა მომცა. მოკლედ, გია ყანჩელმა ანტვერპენში რომ გაიგო “უცნობ მუსიკას” რაღაც ემუქრებაო, ეს ტექსტი გაუგზავნა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამბობენ, ტყეში ნადირს თუ გადაეყარე და შეგიღრინა, შენც უნდა შეუღრინოო, ჰოდა აი, ვიღრინები! დიდი მადლობა ბატონო გია!”

გია ყანჩელი:

“შევიტყვე რა, რომ სხვა გადაცემებთან ერთად დაბალი რეიტინგის გამო განზრახულია “უცნობი მუსიკის” და “წითელი ზონის” დახურვა, გამიჩნდა სურვილი გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება რეიტინგებზე გამართულ დისკუსიაზე.

გთხოვთ წარმოიდგინოთ, ჩვენი საზოგადოების რა ნაწილი გადართავს არხს მოცარტის ან ვერდის რექვიემის ეთერში გასვლისას. ამგვარი ქმნილებების მოსმენის მსურველები ერთეულები თუ აღმოჩნდებიან. შესაბამისად, ვერდის და მოცარტის რეიტინგი შესაძლოა “უცნობ მუსიკაზე” და “წითელ ზონაზე” დაბალი აღმოჩნდეს. ამიტომ, არაპოპულარული პროგრამების ეთერში გაშვების “ფუფუნება” სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა გააჩნდეს.

დღევანდელ საქართველოში მუსიკალური კრიტიკის არარსებობის ფონზე გადაცემა “უცნობი მუსიკა” და მისი ავტორი კახა თოლორდავა, ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, უალტერნატივოა. ამგვარი მოსაზრება გამოწვეულია მისი მაღალპროფესიული დამოკიდებულებით მსჯელობის საგნის მიმართ მისი გამართული ენით, ინტელექტითა და მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარულით.

ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ ტელესივრცეში ისეთი წამყვანების მოღვაწეობა, როგორებიც გახლავთ კახა თოლორდავა და გიორგი გვახარია, საერთოდ არ უნდა განისაზღვრებოდეს ე.წ. რეიტინგით.

მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში კულტურისა და განათლების შენარჩუნება-განვითარებაში საზოგადოებრივი მაუწყებლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ნამდვილი, არაგასართობი ხელოვნების დაფასება და უმცირესობის მოთხოვნების გათვალისწინება კი თვით საზოგადოების და სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება.

თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შეძლებს უმცირესობის აზრის გათვალისწინებას, თვითონ აღმოჩნდება დაბალრეიტინგული, განწირული თუ არა.”