21 მარტი, 2017

“ჰამლეტ გონაშვილი – ასეთი უბადლო ნუთუ ვინმეა დღეს?”

– ჰამლეტ გონაშვილი – ასეთი უბადლო ნუთუ ვინმეა დღეს? მომღერალი ბევრია, მაგრამ ჰამლეტ გონაშვილი ერთია და მას ძეგლიც კი არ უდგას ქვეყანაში, – აცხადებს მწერალი დავით დეფი და ქვეყანაში დამკვიდრებულ ფსიქოზს ეხმაურება:

“სამი რამ მინდა ვთქვა.

პირველი ამბავი – ედგარ ალან პო. ბალტიმორში უენსტმინსტერის ტაძრის ბაღშია დაკრძალული. გენიოსი და ცხადია წინასწარმეტყველი ედგარ ალან პო ჩვეულებრივ სასაფლაოზეა დაკრძალული, სადაც ქვის კედელია, სიმშვიდეა და ქუჩა. მე ედგარის საფლავზე საგანგებოდ მივედი და ყვავილები დავდე. იქ სულ ხალხია, იქ ყოველთვის ვიღაც მიდის, მთელი მსოფლიოდან, სხვადასხვა თაობის ადამიანი მიდის და ყვავილები, კონიაკი, ვისკი მიაქვს. იქ ყოველი იანვრის ყოველ ცხრამეტში ედგარ პოს დაბადების დღე აღინიშნება, ეს ადგილი მსოფლიო პილიგრიმთა უდიდესი მისტიური სიმბოლოა და ამასწინათ მერილენდის მმართველებმა, ბალტიმორში საერთოდ თავიდან ჩაატარეს ედგარ პოს დაკრძალვის ცერემონიალი, რადგან თავის დროზე, მისი გარდაცვალების დღეს, მხოლოდ რამოდენიმე კაცმა იცოდა, თუ ვინაა ედგარ პო კაცობრიობისთვის, დანარჩენებს კი ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. დღეს ეს ადგილი უდიდესი ენერგიის მატარებელია და არანაირი განსაკუთრებული პანთეონი იქ არ არსებობს. ჩვეულებრივი სასაფლაოა ტაძრის ბაღში.

მეორე ამბავი – ჩვენი ეპოქის ფენომენი კახა ბენდუქიძე, საკუთარი სურვილით, კუკიის სასაფლაოზეა. დიახ, კუკიის სასაფლაოზეა კაცი, ვინც საქართველოს მომავალ თაობებს უდიდესი საქმე გაუკეთა. უდიდესი საქმე – უნივერსიტეტები.

მესამე ამბავი – ჰამლეტ გონაშვილი – საბურთალოს სასაფლაოზე ათწლეულები (მისი საფლავის გაქურდვის გამო გადაასვენეს დიდუბეში) ჩვეულებრივად, თავმდაბლური სიჩუმით იყო დაკრძალული. ჰამლეტ გონაშვილი – ასეთი უბადლო ნუთუ ვინმეა დღეს? მომღერალი ბევრია, მაგრამ ჰამლეტ გონაშვილი ერთია და მას ძეგლიც კი არ უდგას ქვეყანაში. თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია. ეს უკვე ინსტიტუციური შეცდომების ამბავია, რითიც გადავსებულია ჩვენი ქვეყანა და ამ მარაზმს ახალ პანთეონში დაკრძალვა-არდაკრძალვის ფსიქოზიც მიემატა.”