3 მარტი, 2017

“მსოფლიოს ჯერ არ ჰყოლია ასეთი მეცო-სოპრანო”

4 მარტს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრანკო ძეფირელის მიერ დადგმული “აიდა” იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები ანიტა რაჭველიშვილი, გია ონიანი, გიორგი გაგნიძე, იანო ალიბეგაშვილი, გიორგი ანდღულაძე, რამაზ ჩიკვილაძე.

წარმოდგენამდე ორი დღით ადრე თეატრში გენერალური რეპეტიცია გაიმართა. ტენორი გია ონიანი ანიტა რაჭველიშვილით აღფრთოვანებულია და აცხადებს, რომ მსოფლიოს ჯერ არ ჰყოლია ასეთი მეცო-სოპრანო:

“ამას წინათ ნიკოლოზ რაჭველმა დაწერა, რომ ანიტა რაჭველიშვილისნაირი მეცო-სოპრანო საქართველოს არ ჰყოლიაო…

მე კიდევ დავამატებდი, რომ მსოფლიოს ჯერ არ ჰყოლია ასეთი მეცო-სოპრანო… ყველა ხმას ჰყავდა თავისი მეფე თუ დედოფალი: სოპრანოებში – კალასი, ბანებში – შალიაპინი, ტენორებში – კარუზო… მეცოებში თამამად შეგვიძლია ანიტა დავაყენოთ მათ გვერდზე…

მე რაც გუშინ ვნახე, მოვისმინე და განვიცადე, მსგავსი რამ შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე…

ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი ქართველია!”