24 მარტი, 2017

“მივმართავ ყველა ქართველსა!”

85 წლის პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ყოველთვის დროულად ეხმაურება. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, იგი საკუთარ პოზიციას უმრავლეს შემთხვევაში ლექსად გამოთქვამს.

ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი საზოგადოებას მამის მიერ ღიმილით და იუმორით შექმნილ ლექსს სთავაზობს, რომელიც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას – მახათას მთაზე ახალი პანთეონის განთავსებას ეხება:

“მივმართავ ყველა ქართველსა,
მუსულმანსა და “რუსულმანს”,
ვინც წყევლით ანთებს სანთელსა,
ვინც კაცს სიკვდილი უსურვა.

დღე დადგა ნაღდი ახვრების,
ჭილყვავი-მართვე ჰგონიათ,
სადაც მე დავიმარხები,
იქ ჩემი პანთეონია.

ახლა კაცი ვარ ფართო ხნის,
ვახ მე, ამ ხალხში რა ვნახე,
მე მიყვარს ბაღი ფორთოხლის –
ჰო და, ამ ბაღში დამმარხეთ.”