28 მარტი, 2017

„ეროვნული სალარო“ – უპრეცედენტო ურთიერთანამშრომლობა – სერგო ქობულაძის უნიკალური ნამუშევარი და ეკატერინე ჭავჭავაძის მოხატული მარაო ხელოვნების სასახლეს დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა გადასცა

საქართველოს ხელოვნების სასახლეში არაერთი უნიკალური ნივთი ინახება, თუმცა მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება.

„ეროვნული სალარო“ უპრეცედენტო ურთიერთანამშრომლობა – ასე უწოდეს ხელოვნების სასახლემ და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა განხორციელებულ პროექტს.

ამ ღონისძიების ფარგლებში სასახლეს სერგო ქობულაძის უნიკალური ნამუშევარი და ეკატერინე ჭავჭვაძის მოხატული მარაო გადაეცა.

1874 წელს თბილისში სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი დაარსდა, მას 1905 წლამდე ილია ჭავჭავძე ხელმძღვანელობდა. იგი წერდა: „ბანკი თავად-აზნაურობამ დააწესა იმ განზრახვით, რომ მისგან შეწირული ფული სესხად მოეფინოს ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ ისე მოეფინოს, რომ მაგ ფულს ერთი გროშიც არ დაეკარგოს, სესხმა ფული ასარგებლოს, ფულმა ფული მოიგოს და მხოლოდ ამ მოგებიდან უფრო ბევრი წილი ჩვენის ქვეყნის საერთო საჭიროებას მოხმარდეს“. სწორედ ამიტომაც ბანკი აქტიურად ეხმარებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საქართველოს ეროვნული საგანძურის შეგროვების, მოვლისა და გადარჩენის საქმეში, ამ პროცესს მაშინ „ეროვნული სალარო“ ეწოდა.

თითქმის საუკუნე ნახევრის შემდეგ საქართველოს ხელოვნების სასახლემ და დავით ბეჟუაშვილის სახელობის საგანმანათლებლო ფონდმა მივიწყებული ტრადიციის გამოცდილების გაზიარებით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. უპრეცედენტო თანამშრომლობა ქართული სამუზეუმო კოლექციების გამდიდრებას და გადარჩენას ისახავს მიზნად.

ერთი წლის განმავლობაში ფონდი მუზეუმს დაეხმარება შეიძინოს, ან რესტავრაცია ჩაუტაროს იმ ძვირფას ხელოვნების ნიმუშებს, რომელთაც მუზეუმის სპეციალისტები და ექსპერტები შეარჩევენ. ერთი წლის თავზე კი ხელოვნების სასახლე ფონდის მიერ შექმნილ ეროვნულ კოლექციას ფართო საზოგადოებას დიდ გამოფენაზე წარუდგენს.

მუზეუმის კოლექცია ამ ეტაპზე სამი ძვირფასი ნივთით უკვე შეივსო: პირველი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის, ახალი ქართული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლის გრაფიკულ ნამუშევარს „იტალიელი ქალბატონის პორტრეტი“. ნახატი მძიმე მდგომარეობაში იყო, ფონდმა როგორც მისი შეძენა, ასევე რესტავრაცია დააფინანსა.

მეორე ნივთი სამეგრელოს დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს ეკუთვნოდა, ძვირფასი ესპანური მარაო, რომელიც სადაფებითაა გაფორმებული და ოქროს მელნითაა მოხატული. მუზეუმი აღნიშნული ნივთის შეძენას რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ფინანსების არ ქონის გამო ვერ ახერხებდა. ნივთს თან ერთვის 1970-იან წლებში შედგენილი წერილი, სადაც დეტალურადაა აღწერილი ნივთის თავგადასავალი. მარაოს განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სამეგრელოს დედოფლის მრავალრიცხოვანი კოლექციიდან მარაოს ჩვენამდე არ მოუღწევია.

მესამე ნივთიც სამგერელოს მთავრების, დადიანების კოლექციიდანაა. ეს არის ვერცხლის სასმისი მხედრული წარწერით “აღათი დადიანის ასულის მზითვის ვარ”. სასმისი კერძო მესაკუთრემ საოქრომჭედლო სახელოსნოს გადასადნობად ჩააბარა, თუმცა მისი განსაკუთრებული მხატვრული და ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე, მუზეუმმა და ფონდმა ნივთი ეროვნული კოლექციისათვის გამოისყიდა. ამჟამად დაწყებულია სასმისის რესტავრაცია.