7 მარტი, 2017

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის ახალი ალბომი

ახალგაზრდა პიანისტი ვახტანგ აბრამიშვილი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს სულ მალე თავის პირველ ალბომს წარუდგენს. მასში შესულია მსოფლიოში ცნობილი ყველა დიდი კომპოზიტორის ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტის, ლისტის, შოპენის, შუმანისა და პროკოფიევის მინიატურები.

ვახტანგ აბრამიშვილი დაიბადა თბილისში 1987 წელს. პირველი გაკვეთილები მიიღო მამასთან 6 წლის ასაკში. 7 წლისამ ჩააბარა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველ სამუსიკო სასწავლებელში, სადაც 11 წლის მანძილზე ეუფლებოდა საფორტეპიანო ხელოვნებას ჯერ პედაგოგ გივი ჩარბაძის, შემდეგ პედაგოგ ცირა კარგარეთელის კლასში.

2009 წელს სწავლა განაგრძო გერმანიაში. 2009-2013 წლებში სწავლობდა ფრანკფურტის და მოგვიანებით ვისბადენის კონსერვატორიებში, პროფესორების შტეგემანის და ფორაბერის ხელმძღვანელობით. ამ წლების მანძილზე მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტებსა და ფესტივალებში კლოსტერ ებერბახში, კლოსტერ ანაბერგში, ვისბადენის კულტურის ფორუმში, ფრანკფურტის და დარმშტადტის კონსერვატორიებში, ბერშტეინისა და სტეინვეის როიალების სახლში.

2012-2013 წლებში მონაწილეობდა ფესტივალში „ინსტრუმენტი და ხელი“ გამომცემლობა „ბრაითკოფ და ჰერტელი“-ს დაკვეთით. მონაწილეობა აქვს მიღებული მასტერკლასებში ისეთ პროფესორებთან როგორებიც არიან ლუკას ბლონდილი, ბერნჰარდ ვეტცი, ვოლფგანგ მანცი, ვერნჰარდ აიკე, იან პოლივკა და რომან ზასლავსკი.

2015 წელს სოლო კონცერტი გამართა თბილისში, რუსთაველის სახელმწიფო თეატრში. 2016 წელს კი ახალგაზრდა პიანისტებისთვის სტუდია „ვაპიანო“ გახსნა.

“არტ ინფო” ვახტანგ აბრამიშვილს უფრო ახლოს გაგაცნობთ:

– ის რომ დღეს პიანისტი ხართ, რაიმე განსაკუთრებულ ისტორიას ხომ არ უკავშირდება?

– დიახ, უკავშირდება, რადგან თბილისში, ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა ათწლედის“ გვერდით სახლში დავიბადე და გავიზარდე და როგორც ჩემი ოჯახის ყველა წევრი, მეც ვსტუმრობდი მუსიკალურ სასწავლებელს.

– რა იყო ყველაზე გადამწყვეტი თქვენი პროფესიის არჩევაში?

– ჩემი პედაგოგის ბატონი გივი ჩარბაძის გავლენა, რომელმაც საუკეთესო თვალით დამანახა მუსიკა და ძალიან შემაყვარა, რისთვისაც მადლობელი ვარ.

– რატომ მიიღეთ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება?

– მსურდა მუსიკალური განათლება იმ ქვეყანაში მიმეღო, სადაც ცხოვრობდნენ დიდი ევროპელი კომპოზიტორები. გერმანია კი ამ მხრივ საუკეთესოა.

– რომელი კომპოზიტორი ასოცირდება თქვენთვის სიყვარულთან? ძლიერებასთან? სინაზესთან? გაბრაზებასთან?

– ჩემთვის სიყვარულთან ასოციარდება ლისტი, თავისი სასიყვარულო თავგადასავლებით და ნაწარმოებებით. ძლიერებასთან – ბეთჰოვენი, რადგან ის ნაპოლეონის ეპოქაში მოღვაწეობდა და მის მუსიკაში განსაკუთრებით იგრძნობა უშრეტი ძალა და ენერგია. სინაზესთან – აუცილებლად შოპენი უნდა ვახსენოთ. მაგალითისთვის ლისტის დაწერილი წიგნიც გამოდგება, რომელიც მან შოპენს მიუძღვნა, წიგნი კი ამ სიტყვებით იწყება: „შოპენი – ჰარმონიის ნაზი გენია“. გაბრაზებასთან ვერავის გამოვყოფდი, რადგან ასეთი ძალიან ბევრია, განსაკუთრებით რუს თანამედროვე კომპოზიტორებს ვგულისხმობ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცხოვრობდნენ.

– როდის შეგიძლიათ უარი თქვათ დაკვრაზე?

– როცა ვინმეს ჩემი დახმარება სჭირდება.

– რა არის თქვენი პროგრამა მაქსიმუმი?

– არასდროს მიფიქრია ამაზე, რადგან ყოველთვის უფრო მეტის გაკეთების სურვილი მაქვს.

– თქვენ პირველი ალბომი ჩაწერეთ. რომელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შევიდა მასში?

– ამჟამად თბილისში ვიმყოფები უკვე სამი თვეა და დისკიც აქ ჩავწერე, სადაც ვასრულებ ყველა დიდი კომპოზიტორის ცნობილ მინიატურებს. ესენი არიან ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, ლისტი, შოპენი, შუმანი და პროკოფიევი. დისკი შედგება 14 კომპოზიციისაგან.

– თუ აპირებთ კონცერტის გამართვას ქართველი მსმენელისთვის?

– სამწუხაროდ, საქართველოში არა, მაგრამ ზაფხულში, გერმანიაში ორი სოლო კონცერტი მაქვს დაგეგმილი.