9 მარტი, 2017

“ნახეთ, რა ხდება იშხანში”

იშხანი ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია.

ტაძრის რესტავრაცია საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის წარმოებული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ დაიწყო. თურქული მხარე სარესტავრაციო სამუშაოებს ქართველი სპეციალისტების გარეშე აწარმოებს.

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი იშხანში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ შესრულებული სამუშაოები უგემოვნობისა და არაკომპეტენტურობის პიკია.

გოგა ჩანადირი:

ეს ფოტოები პირველად ქვეყნდება. ნახეთ, რა ხდება იშხანში, რა უგემოვნობისა და არაკომპეტენტურობის პიკია…

ვნახე იშხანი, ჩვენი დიდი ტაძარი ტაოში. რესტავრაცია 2014 წელს დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა.

გადაუხურავად ყოფნას ასე სჯობდა, მაგრამ თუ აკეთებ, სწორად მაინც უნდა გააკეთო.
ჯერ წარწერებს დააკვირდით. ქართულად როგორ არის თარგმნილი – პირდაპირ ინტერნეტიდან. ეკითხათ მაინც.

მერე გალავანზე გადადით, მერე სამხრეთით მიბჯენილ ტაძარზე, მერე შიდა კედლებზე, ჭერს შეხედეთ, გურგენისეული ტაძარი ნახეთ შიგნიდან.

თურქმა რესტავრატორებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ტაძარი უგემოვნოდ და არაპროფესიონალურად გადაეხურათ, ქართველი სპეციალისტები არ დაეშვათ თუნდაც კონსულტაციებისთვის და ყველაფერი გააკეთეს, რომ თურქული სარესტავრაციო სკოლა დაეკნინებინათ.

იქნებ ქართველმა კოლეგებმა უფრო მეტად იაქტიურონ, სხვა ძეგლების აღდგენაში მაინც ჩაერთონ და ამაში ეს ცუდი მაგალითი დაეხმაროთ.

კარგი ის არის, რომ აღმოჩენილია წარწერიანი საფლავი, იატაკის მოზაიკის ნაშთი და ტაძრის აღმოსავლეთი ნაწილი მიწისგან გაიწმინდა.

თუმცა, ასეთი მნიშვნელოვანი ძეგლის აღდგენა არაკომპეტენტურობამ და არაკოლეგიალურობამ გადაფარა.”