31 მარტი, 2017

გამოფენა, რომელსაც ბიძგი გრიგოლ რობაქიძის კრებულმა მისცა

31 მარტს, 19 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით, ხელოვნების სასახლეში გამოფენა სახელწოდებით – მალშტრემი: ფრანც მარკი, გერმანული ექსპრესიონიზმი და მოდერნიზმი საქართველოში გაიხსნება.

ექსპოზიცია ერთგვარი მულტიდისციპლინარული კვლევაა საგამოფენო სივრცეში.

გამოფენის იდეას ბიძგი მისცა 1926 წელს ტფილისში (თბილისი) გამოცემულმა მცირე ზომის წიგნმა, რომელიც წარმოადგენს ქართველი სიმბოლისტი-ექსპრესიონისტი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ადრეული დრამების კრებულს. წიგნის გარეკანის დიზაინს საფუძვლად უდევს გერმანელი ექსპრესიონისტი მხატვრის – ფრანც მარკის ცნობილი ტილო “ვეფხვი” (1912).

გამოფენაზე ირაკლი გამრეკელის, კირილე ზდანევიჩის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ბენო გორდეზიანის, პეტრე ოცხელის, ელენე ახვლედიანის და სხვა მხატვრების ნამუშევრები მოგვითხრობენ თეატრისა და კინოს, ლიტერატურის და მხატვრობის ერთიანი ძლიერი ტალღის შესახებ, რომელიც მოდერნიზმის ეპოქამ წარმოშვა.

გამოფენა უჩვენებს, რომ მოდერნიზმის ეპოქის ქართული ავანგარდული ხელოვნება ერთ-ერთ ძლიერ სათავეს გერმანულ ექსპრესიონიზმში ჰპოვებს.

იდეის ავტორი და კურატორი ქეთევან კინწურაშვილია, ექსპოზიცია და გრაფიკული დიზაინი დავით ჯანიაშვილს ეკუთვნის, ვიდეო და საუნდ ინსტალაცია კი გიორგი ჯანიაშვილს.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 11 აპრილამდე გაგრძელდება.