6 თებერვალი, 2017

ზაზა ურუშაძის აღსარება

რეჟისორი ზაზა ურუშაძე თავის სათქმელს ყოველთვის საკუთარი ფილმებით ამბობს. “მანდარინები”, “სამი სახლი”, “ბოლო გასეირნება”, “დარჩი ჩემთან”, “აქ თენდება”, “ცხელი ძაღლი” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რეჟისორმა მაყურებელს შესთავაზა.

სულ მალე ზაზა ურუშაძე მაყურებელს კიდევ ერთ ახალ ნამუშევარს წარუდგენს. “აღსარება” – ასე ეწოდება ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს დიმა ტატიშვილი, სოფია სებისკვერაძე და იოსებ ქველიძე თამაშობენ.

ფილმი ჟანრობრივად დრამაა. მამა გიორგი, რომელიც წარსულში რეჟისორი იყო, მსახურებისთვის ერთ სოფელში ჩადის. იმისთვის, რომ მოსახლეობა ეკლესიაში სიარულს შეაჩვიოს, დაკეტილ ტაძარში ფილმების ჩვენებას იწყებს. პირველივე ფილმის ნახვის შემდეგ, სოფლის მაცხოვრებლები მერლინ მონროს მათ სოფელში მცხოვრებ მუსიკის მასწავლებელს ლილის მიამსგავსებენ. ლილისთან შეხვედრის შემდეგ მამა გიორგის ბალანსი ირღვევა – მუსიკის მასწავლებელი ძალიან სექსუალურია და ცდუნების გაძლება რთულია.

ზაზა ურუშაძე ფილმის პრემიერამდე დაინტერესებულ მაყურებელს თრეილერს სთავაზობს.