15 თებერვალი, 2017

“ვეფხისტყაოსანი” მოგზაურობას იწყებს

მაესტრო ამირან შალიკაშვილის მიერ დადგმული “ვეფხისტყაოსანი” საქართველოში მოგზაურობას იწყებს. შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის მიხედვით შექმნილ წარმოდგენაში თავად ამირან შალიკაშვილიც მონაწილეობს და პოემის ავტორს განასახიერებს.

პანტომიმის თეატრის მსახიობების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი უკვე იხილა თბილისელმა მაყურებელმა. სპექტაკლმა მარჯანიშვილის თეატრში სრული ანშლაგით ჩაიარა. ცოცხალმა რუსთაველმა და უსიტყვო ხელოვნებაში წარმოდგენილმა მისი პოემის გმირებმა მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მსახიობები “ვეფხისტყაოსანს” თბილისში აღარ ითამაშებენ. ამიერიდან სპექტაკლი საქართველოს რეგიონებში იქნება წარმოდგენილი. პირველი სპექტაკლი 3 მარტს 19 საათზე გორში გათამაშდება.

საქართველოში დაგეგმილი საგასტროლო ტურნეს შემდეგ, პანტომიმის თეატრის მიერ დადგმული “ვეფხისტყაოსანი” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურებს და ქართველი მიმები შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის გმირებს პლანეტის სხვადასხვა კუთხის მაცხოვრებლებს პლასტიკის ენით გააცნობენ.