2 თებერვალი, 2017

ვაჟა მანიას ნიუ-იორკში სპეციალური პრიზი მიანიჭეს

ქართველმა მომღერალმა ვაჟა მანიამ და მისმა კვარტეტმა ნიუ იორკში გამართულ საერთაშორისო ჯაზ-კონკურსზე MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

“ვაჟა მანიას კვარტეტში” გაერთიანებული არიან ვაჟა მანია – ვოკალი, პაპუნა შარიქაძე – ფორტეპიანო, გიორგი კაპანაძე – დასარტყამი ინსტრუმენტი და გიორგი კიკნაძე – კონტრაბასი. ქართველები იმ შემსრულებელთა შორის მოხვდნენ, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს.

ნიუ იორკის საერთაშორისო ჯაზ-კონკურსის ჟიურიმ ქართველებს სპეციალური პრიზი გადასცა – ვაჟა მანიამ და პაპუნა შარიქაძემ მიიღეს მიწვევა და ისინი 20 მაისს, ნიუ-იორკში გამართულ კონკურსის შემაჯამებელ გალა-კონცერტზე ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელები კი საფრანგეთის, ავსტრიისა და ტაილანდის წარმომადგენლები გახდნენ.

კონკურსანტებს წელს გრემის მფლობელი მუსიკოსები LENNY WHITE , RANDY BRECKER და MIKE STERN  აფასებდნენ.