4 თებერვალი, 2017

“შექმნილი ურთულესი მდგომარეობა გვაიძულებს გავასაჯაროვოთ რეალობა”

ამ განცხადებას ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო თეატრი აკეთებს, რომელიც ათეულობით წლებია ავარიულ შენობაშია განთავსებული:

“ჩვენს გარშემო შექმნილი ურთულესი მდგომარეობა გვაიძულებს გავასაჯაროვოთ ის რეალობა, რაც შეგვექმნა ბოლო პერიოდში!….ჩვენ, არა ერთხელ მივმართეთ და საქმის კურსში ჩავაყენეთ კულტურის სამინისტრო, თუ რა შეიძლება მომხდარიყო იმ ავარიული შენობის გარშემო, სადაც 20 წელიწადია ვართ განთავსებული (ყოფილი რკინიგზელთა კულტურის ცენტრი და უკვე ყოფილი, ეროვნულ მუსიკალური ცენტრი).

რომ არ შეგაწყინოთ თავი, ავხსნით შემდეგნაირად – შენობა მთლიანად დაცარიელდა, გამოიშიგნა, გამოირთო ინტერნეტი, გამოირთო სათვალთვალო კამერები, გამოირთვება დენიც. დაცვა დარჩა ერთი ადამიანის ამარა!… იხსნება შლაგბაუმიც.

ანუ, გაპარტახებულ ავარიულ შენობაში ვრჩებით ჩვენ, დევნილი თეატრი!… 26 წლის განმავლობაში ნაგროვები და შექმნილი დეკორაციით, რეკვიზიტით, უამრავი თეატრალური კოსტიუმით, განათების, გახმოვანების, სხვადასხვა სახის აპარატურით. ორი კატით და ოთხი კნუტით!..”