19 თებერვალი, 2017

“როგორ მინდა მოვესწრო ამ ბედნიერ დღეს!”

ეს ოცნება რეჟისორ რობერტ სტურუას ეკუთვნის. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქვეყნის უახლოეს ისტორიას იხსენებს და დარწმუნებულია, რომ ყველაფრის მიუხედავად, სიკეთე მაინც გაიმარჯვებს.

რობერტ სტურუა:

“ოციოდე წლის წინ, შეერთებულ შტატებში ვიღაც გაბოროტებული ადამიანი სუპერმარკეტებში, საკვებში შპრიცით ძლიერ შხამს ტუმბავდა. რამდენიმე მოქალაქე იმსხვერპლა მკვლელის ასეთმა “ექსპერიმენტმა”. და წარმოიდგინეთ, მას ბევრი აჰყვა!.. რას იზამ, ბოროტება გადამდები სენია!
დიდი ხანია ვიძახი, 9 წლის მანძილზე ძლიერნი ამა ქვეყნისა და მათი დამქაშები უფრო საშიში საწამლავით ანადგურებდნენ საქართველოს! ნაძირალები ჩვენი ქვეყნის უბრწყინვალეს ტრადიციებს, სინდისს, ზნეობას ანადგურებდნენ!

სიცრუე, ფაქტების გაუკუღმართობა, სიკეთის არდანახვა და აბუჩად აგდება – მას-მედიის ერთადერთი საშუალება აღმოჩნდა თავის გამორჩენის და, რაც მთავარია, სარჩოს შოვნის მოხვეჭა!

ყვითელ პრესამ, უამრავმა აუტანელი ტოკ-შოუს ავტორმა, ვითომ დემოკრატულმა “სამგორი 3”-ის, ბოდიში “რუსთავი 2″-ის, პროკურატურის განაჩენებმა, ქართველები იმ აზრამდე მიიყვანეს, რომ ამქვეყნად პატიოსნება, სიყვარული, განათლება, სამშობლოს სიყვარული და რწმენა არავის სჭირდება!

საერთოდ მცირე ერებში არაპროპორციულად ბევრი მოღალატე იჩენს ხოლმე თავს და ძალაუფლების ხელში ჩაგდება მათი ერთადერთი საზრუნავია. მაგრამ მე მაინც მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიაში ასეთ კატასტროფულ პერიოდს ვერ წააწყდები. როგორია, ქართველს ქართველი ებრძვის?! მე მაინც მჯერა, რომ სიკეთე მაინც გაიმარჯვებს!

ო, როგორ მინდა მოვესწრო ამ ბედნიერ დღეს!!!”