20 თებერვალი, 2017

“მე გეკითხებით, განა ეს სწორია?”

დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი კახა ჯანაშვილი ფართო საზოგადოებას კიდევ ერთი ოჯახის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ მოუთხრობს.

ეს მისი უახლოესი მეგობრის, ცნობილი ტელეოპერატორის ჯანო ინაძის ოჯახია, რომელიც გაუსაძლის პირობებში სარდაფში ცხოვრობს. ცნობილი ტელეოპერატორი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის სახელთან არის დაკავშირებული აფხაზეთის ომის ამსახველი მნიშვნელოვანი კადრები, თავისი სიცოცხლის ფასად 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის უნიკალური კადრები მომავალ თაობებს შემოუნახა – ბაბუშერას აეროპორტში ჩამოვარდნილი ფვითმფრინავის კადრები, ტამიშის ბრძოლა, სოხუმის ბრძოლის კადრები…

ჯანო ინაძემ საოპერატორო კარიერა სახელმწიფო ტელევიზიაში დაიწყო. ბოლო პერიოდში კი ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობდა.

კახა ჯანაშვილი:

“გუშინ ავედი ჯანო ინაძის ოჯახში და ავიტანე შეგროვებული 870 ლარი, რომელიც თქვენი დახმარებით და შეწევნით მოგროვდა, ჯანოს ოჯახის დასახმარებლად. გადავეცი ინგას – ჯანოს მეუღლეს. გადავეცი პლასტიკური ბარათიც, რომლითაც ისარგებლებს ინგა. ჯანოს მეგობრების სახელით, მე ყოველთვე შევიტან შეძლებისდაგვარად ამ ანგარიშზე გარკვეულ თანხას, მაგრამ ვიცი, რომ ეს არაფერი არ იქნება ჩემი ძმის ოჯახისათვის.

მინდა მოგიყვეთ ოჯახის მდგომარეობა: ჯანოს ოჯახის წევრი – ხუთი სული ცხოვრობს სარდაფში, რომელიც ინგრევა. ნესტში, იატაკი ბეტონისაა. გუშინ ინგასთან საუბრის დროს ორჯერ თავბრუ დამეხვა, მეგონა, რომ ეს ჩემი ემოციების ბრალი იყო, იქ ყოფნა ჩემთვის მძიმე იყო, ინგას ვუთხარი, თავბრუ მეხვევა და წყალი მომეცი-მეთქი. ინგა მეუბნება, ეს ცეო-ს ბრალიაო. რა ცეო ონგა, რაზე ლაპარაკობ-მეთქი? აღმოჩნდა, რომ სახლში გამათბობელი არ არსებობს და გაზქურის ანთებული ალით თბებიან. ისიც მხოლოდ სამზარეულოში და ჩემი თავბრუსხვევა ამ გამონაბოლქვის ბრალი იყო.

ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ ჯანოს ოჯახი ხომ 6 წელია ამ პირობებში ცხოვრობს და ახლა 85 წლის ჯანოს სიდედრი, გაჟონვით, უმძიმეს მდგომარეობაში იქ წევს… გავბრაზდი ძალიან და ინგას საყვედური ვუთხარი, რატომ არ შემეხმიანე ასეთ მდგობარეობაში თუ იყავით-მეთქი? პასუხი უფრო მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის… მრცვენოდა კახა შენი და ახლაც მრცხვენია, როგორ მეთქვა, ჯანოს გარდაცვალების შემდეგ როგორ გაგვიჭირდა ყველას სულიერად თუ ფინანსურადო…

ინგას ყველაფერი აქვს გაყიდული, რაც გააჩნდათ, რომ ელემენტალურად საკვები ეყიდათ თვითგადარჩენისთვის. ვკითხე, კი მაგრამ, ჩვენ რომ ამოვდიოდით ჯანოს საფლავზე, იმ სუფრას რითი აკეთებდა. ვალით, კახაო. მოვკვდი, ძალიან შემაწუხა სინდისმა. ჯანოს მეუღლემ, 6 წელი ჯანოს სულის საპატივსაცემად ყველაფერი აკეთა, რომ ჩვენი პეწია, მხიარული და იუმორით აღსავსე ძმის ოჯახის გაჭირვება არავის გაეგო…

მე გეკითხებით, განა ეს სწორია? განა ეს სამართალია იმის შემდეგ, რაც ჯანომ გაააკეთა თავისი ქვეყნისთვის? ნუთუ ასეთ პატივს მიაგებს საქართველო თავის გმირ გარდაცვლილ შვილებს? მართლა მარტო სადღეგრძელოებში ვართ მაგრები..

არა, ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება! ნუთუ ჯანოსთან ერთად ჩვენც დავიხოცეთ? მიცვალებულს ხომ უფრო მეტი პატივისცემა სჭირდება. ნუთუ არაფერი არ შეგვიძლია? დიახ, ჩვენ ბევრის გაკეთება შეგვიძლია ერთად და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ.

ელენეს, ჯანოს პატარა გოგოს, ოპერატორობა უსწავლია (მამის კვალს გაჰყვა “ნოლჩიტირი” – როგორც ჯანო იტყოდა) რუსთავი 2-ზე მუშაობდა თურმე ადრე, მაგრამ დღეს სახლში ზის. მირიანიც სახლში ზის და ყველამ ერთად რაღაც გავაკეთოთ.

გთხოვთ ყველას, გააკეთეთ სიკეთე ჩვენი ძმის, ჩვენი გმირკაცის ჯანო ინაძის ოჯახისათვის, რომელმაც არაერთი ოპერატორი აღუზარდა ტელევიზიებს. რომელმაც ბევრი სიკეთე და სიყვარული დატოვა ჩვენს გულებში.

მე მკვდარი ვარ ჯანოსავით, რადგან მისი ოჯახი ამ დღეში ჩავარდნილი ვნახე და ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ.

ვის გიყვართ ჯანო? ვის გახსოვთ ჯანო? ვინ ხართ ჯანოს ძმაკაცები? ვინ ვართ ჩვენ?…
გთხოვთ ყველას, ვისაც ჯანო გიყვარდათ, ამ სიყვარულის გამო, ვისაც რა შეგიძლიათ, ერთად დავეხმაროთ ჩვენი ძმის ოჯახს.

საქართველოს ბანკი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი:GE74BG0000000151118300
თანხის მოწოდების შემთხვევაში დამიკავშირდით ამ ნომერზე.
577 17 17 91 Kakha Janashvili
ან @ irina Inadze-kharaishvili დაუკავშირდით 557 70 03 01
მისამართი: ნაძალადევის რაიონი, ჩოდრიშვილი 62.”