6 თებერვალი, 2017

“კარგად შეხედეთ ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს”

ყველა თანხმდება, რომ თბილისი ნელ-ნელა თავის იერსახეს კარგავს და ბეტონების ქალაქს ემსგავსება, სადაც სუნთქვა შეუძლებელია.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია თბილისის ცენტრალური უბნების ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას მეტ დაკვირვებას სთხოვს.

გიორგი კალანდია:

“მთაწმინდაზე ვიყავი, დედაქალაქს გადმოვხდე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბავშვობის ქალაქი თვალსა და ხელს შუა დავკარგე!

თუმცა მთავარი სხვა ამბავია, ქალაქის ერთ მხარეს რუსული საიმპერიო ხელისუფლებისა და სომხური ბურჟუაზიის მიერ შექმნილი, მომხიბვლელი არქიტექტურული წესრიგით აშენებული სახლები და ლამაზად გაყვანილი ქუჩები მიმზერდა, მეორე მხარეს კი დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი ხალხის მიერ ახორხლილი ნაგებობების გროვა შემომყურებდა!

კარგად შეხედეთ ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს, ერთ მხარეს სოლოლაკია (როგორც აღვნიშნე ძირითადად სომხური ბურჟუაზიის მიერ გაშენებული, თანაც რუსული საიმპერიო მმართველობის დროს) მეორე მხარეს კი ბოლო 20 წლის ქართული ნამოქმედარი.

უყურებ ამას და ფიქრობ – იქნებ სულაც მითია, რომ ჩვენ მშენებელი და შემოქმედი ერი ვართ!? მთაწმინდაზე მყოფს ცნობილი ხელოვნებათმცოდნე მაია მანიას სიტყვები გამახსენდა: „თბილისი ლამაზი მაგრამ უიღბლო ქალაქი გამოდგა“! ოღონდ ეგაა, რომ ეს უიღბლობა ჩვენვე შევქმენით ჩვენივე ხელებით!”