ირაკლი ჩიქოვანის ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში

ირაკლი ჩიქოვანის ნამუშევრები ხელოვნების სასახლეშიხელოვნების სასახლეში 9 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ირაკლი ჩიქოვანის რიგით მესამე პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული 40-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც მრავალ საინტერესო თემატიკას აერთიანებს.

ახალგაზრდა მხატვარმა ტყიბულის სამხატვრო სკოლა და თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის კოლეჯი დაასრულა, რის შემდეგაც თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე ისწავლა. იგი მრავალი ჯგუფური გამოფენის, ფესტივალისა და სიმპოზიუმის მონაწილეა და მისი ნამუშევრები საქართველოში, გერმანიაში, შვეიცარიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, კერძო კოლექცებში ინახება.

ირაკლი ჩიქოვანი გარკვეული პერიოდი აბსტრაქციაში ხატავდა, თუმცა დროთა განმავლობაში ფიგურულ კომპოზიციებზე გადავიდა. მისი ხატვის სტილი მეტად ინდივიდუალური, არასწორხაზოვანი და ამავე დროს არაერთფეროვანია.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 15 თებერვლამდე გაგრძელდება.