5 თებერვალი, 2017

გურამ ქართველიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში ქართული საზოგადოება ღიად გამოხატავს თავის პროტესტს პროექტის “გააგრძელე საქართველოს ისტორია” გაჩერებასთან დაკავშირებით.

მწერალ გურამ ქართველიშვილის პროექტი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეპიზოდებს აცოცხლებს და მაყურებელს საკუთარ წარსულს ახსენებს.

გურამ ქართველიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მისი განმარტებით, ღია წერილით მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს ვასილ მაღლაფერიძეს, საზოგადოებას და არავითარ შემთხვევაში „ურდოს ელიტას”:

“რა აღარ მომხდარა ჩვენი საზ. მაუწყებლის შენობასთან, რა მიტინგები და ტყვიების წვიმა აღარ უნახავს მის კედლებს. როგორც თბილისელი და იმ პროცესების არა გარედან მაყურებელი, ვერ ვიხსენებ საზოგადოებრივში დავა იმაზე ყოფილიყოს, საჭიროა თუ არა საზოგადოებრივზე ხარისხიანი ისტორიული პროექტი. აქამდე და უფრო უარესამდე რომ მივედით, ეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობაა და ამაზე თავს არ შეგაწყენთ.

მე, როგორც ამ ტელეპროექტის მოჭირნახულე, მთელი ჩემი ცხოვრებით მიბმული ვარ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გამომდინარე იქედან, რომ შიდა პროცესები თქვენზე უკეთ ვიცი, ჩვენო მაყურებელო, ვაცხადებ – ტელეფილმების ციკლი „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ ჩერდება და განვმარტავ რატომ.

სანამ მაღლაფერიძე მოვიდოდა გენდირექტორად, მენეჯმენტის მხრიდან შემოთავაზება მივიღე „გააგრძელეს“ ნაცვლად მცირე ბიუჯეტით „რაღაცა“ გამეკეთებინა. (ჯერ ამაზე ფიქრიც არ მინდა) ანუ, რა გამოდის? ის ჯერ არმოფიქრებული „რაღაც“ „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ ვერანაირად ვერ იქნება, მართლა რომ ყურებით ვიაროთ მე და ჩემმა გუნდმა! ისეთი ბიუჯეტია გამოყოფილი, რომ ის “რაღაცა” მეშინია მთლად „რაცხა“ არ გამოგვივიდეს ღირსეული ტელეპროექტის ნაცვლად.

ერთი რამ არის, უკვე, ჩემთვის ცნობილი – „ურდოში“, თურმე, სადაც „ცისფერი მთების“ განწყობა სუფევს, ახლა გაახსენდათ ათწლეულების ნაძარცვ-ნაპარტახალი არქივის შველა. არადა თუ ვინმე მიესალმება ამ ამბავს, პირველი მე ვარ და ჩემისთანები. აქ იმასაც დავამატებ, რომ სანამ აღდგენას დაიწყებთ, ჯერ მოიკითხეთ რატომ არის არქივი, ანუ ჩვენი „ოქროს ფონდი“ ასეთ დღეში. ცოტა თანხა აქვს საზოგადოებრივს გახარჯული წლების მანძილზე? ან თუ გააშიშვლებთ ამ ხარჯებს, არ გამოიფინება საზოგადოების წინაშე, რომ დღემდე ფული ათას სისულელეში იხარჯებოდა მაშინ, როდესაც არქივი, მსუბუქად რომ ვთქვათ, წესრიგში იყო მოსაყვანი?

რამდენიმე ადამიანი, ახალი დირექტორის მოსვლამდეც იბრძოდა ზედა ეშელონებში არქივის მოსაწესრიგებელი ხარჯების მოსაპოვებლად და ბატონი მაღლაფერიძეც, დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს ღირსეულად მიხედავს, მაგრამ შევახსენებდი ბატონ ვასილს – როდესაც ჩვენი წინაპრები სვეტიცხოველს აგებდნენ, ჯვარი არ დაუნგრევიათ მისი ქვები ახალი ტაძრის საშენ მასალად რომ გამოეყენებინათ. ამიტომ ნურავინ შეგაცდენთ და ნუ გააკეთებთ ორშაბათს ისეთ განცხადებას, რაც ნამდვილად არ დაგამშვენებთ, რადგან ჩემი და მაყურებლის პასუხი აქაც მარტივი იქნება თქვენდამი, როგორც საზოგადოების მიერ საზ. მაუწყებლის დაქირავებული დირექტორისადმი – საზოგადოება იმისთვის აფინანსებს ამ ტელევიზიას, რომ არქივიც ნაპატრონები ჰქონდეს, „გააგრძელეც“ და სხვა პროექტებიც.

P.S. ისე, უკვე ერთი თვეა ამხელა ამბავია ატეხილი „გააგრძელეზე“, ბატონო ვასილ და არ გაგჩენიათ სურვილი ამ მოჯანყე პროექტის „გამჯახირებლებს“ შეხვედროდით და მხოლოდ „ურდოელთა“ (ვინც „გააგრძელეს“ წერტილი დაუსვა) ცალმხრივი განწყობისთვის არ გესმინათ? 14 თვის ნაშრომ-ნაჯაფ ჯგუფთან შეხვედრა, მერწმუნეთ, ღირდა, რათა კიდევ ერთი კარგი საქმე არ გაფუჭებულიყო ჩვენს სინამდვილეში.”