6 თებერვალი, 2017

8 თებერვალს ქართული თეატრის რეიტინგები გამოქვეყნდება

8 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ტრადიციად დამკვიდრებული ქართული თეატრის განვლილი ერთი წლის შემაჯამებელი კვლევის და თეატრის კრიტიკოსების მიერ გამოვლენილი რეიტინგების პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე „ქართული თეატრი 2016 წელს“, რომელიც უკვე მეექვსედ ხორციელდება, გამოვლინდება წარმატებული თეატრები სხვადასხვა აქტივობების მიხედვით. დასახელდება ყველაზე აქტიური, პრემიერების, გასტროლების, მაყურებლის, ბილეთების გაყიდვის და წარმოდგენების რაოდენობით გაორჩეული თეატრები. ასევე რეიტინგული სპექტაკლები, პროდუქტიული რეჟისორები, მსახიობები, სცენოგრაფები და ქორეოგრაფები.

თეატრების კვლევა სულ 30-მდე კატეგორიაში განხორციელდა. კვლევაში საქართველოში მოქმედი 44 თეატრიდან 42-მა თეატრმა მიიღო მონაწილეობა, როგორც დედაქალქიდან, ასევე რეგიონებიდან. მათ შორის, კერძო და დამოუკიდებელმა თეატრებმაც.

კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული ხუთეულების შედგენა და რეიტინგების გამოვლენა სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით, რომელშიც თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობით 20-ზე მეტი მოქმედი კრიტიკოსი მონაწილეობდა.

საუკეთესო ხუთეულში შესულ თეატრის მოღვაწეებს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციისა და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის საპატიო დიპლომები გადაეცემათ.