22 თებერვალი, 2017

“სულ მალე ექვთიმე თაყაიშვილის საოცარ სამყაროში მოგზაურობა გელით”

1917 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ სამხრეთ საქართველოში არქეოლოგიური ექსპედიცია მოეწყო. ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ რეალურად პირველად მაშინ აღმოაჩინა ტაო-კლარჯეთი და მისი დიდებული არქიტექტურა. წელს ამ ექსპედიციას 100 წლის იუბილე უსრულდება.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია ამ ფაქტს სიახლით ეხმაურება:

“წელს ყველაზე ცნობილ, ყველაზე გამორჩეულ და ალბათ ყველაზე საეტაპო ქართულ სამეცნიერო ექსპედიციას 100 წლის იუბილე უსრულდება. 1917 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ სამხრეთ საქართველოში არქეოლოგიური ექსპედიცია მოეწყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ რეალურად პირველად მაშინ აღმოაჩინა ტაო-კლარჯეთი და მისი დიდებული არქიტექტურა!

ამ ექსპედიციის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მასალა საქართველოს ხელოვნების სასახლეშია დაცული, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ექსპედიციის ოთხი წევრი – მიხეილ ჭიაურელი, ილია ზდანევიჩი, ლადო გუდიაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე მოგვიანებით ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ ქართულ თეატრში (ამიტომ მათ არქივებთან ერთად სამხრეთ საქართველოდან ჩამოტანილმა საგანძურმაც დაივანა ჩვენს სასახლეში).

ამ მასალის უმეტესი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის (და არა მარტო) უცნობია, გადავწყვიტეთ დიდი ალბომის გამოცემა! პირველი ვინც შესაშური ერთგულებით მხარში დაგვიდგა ბატონი ზვიად კორძაძე იყო! ბრწყინვალე ადამიანი, ფინანსურადაც შეგვეწია და შესანიშნავი საჩუქარიც გაუკეთა თანამედროვე საქართველოს – ექვთიმეს ხელნაწერი შრიფტად აქცია, ასე რომ ახალი წიგნი-ალბომი ექვთიმეს კალიგრაფიით იქნება აკრეფილი. მერე იყო საქართველოს ფოსტა, მისი გამორჩეულად კარგი ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძე და ჩვენი ძვირფასი მეგობარი ეკა ხვადაგიანი, რომ არა ისინი ალბათ ალბომს რეალობად ვერ ვაქცევდით.

ჩვენს დიდ ალბომში შედის არა მარტო ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური მასალა, არამედ ასეთივე ძვირფასი ექსპონატები, რომლებიც დავანებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ეს ცალკე თემაა: დავით ლორთქიფანიძე ამ საქმის დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი აღმოჩნდა, მადლობა მას ამისათვის!

რამდენიმე დღეა ვფიქრობ რომ ამ წიგნის გაკეთება თუნდაც იმიტომ ღირდა, რომ უფრო კარგად გამეცნო ეროვნული მუზეუმის შესანიშნავი თანამშრომლები: ნინო ჩიხლაძე, ნინო გედევანიშვილი და ნინო ცინცაძე (იმ სართულზე სადაც მე ვიმუშავე სულ 7 ნინო იყო), კიდევ საუკეთესო რესტავრატორები, რომელთა გვარები, სამწუხაროდ, არ ვიცი, კიდევ ერმაკოვის ფონდის სუპერ პროფესიონალი სპეციალისტები! მოკლედ ეს ხალხი ცალკე საგანძურია, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა და მოფერება სჭირდებათ, ძალიან დასაფასებელია მათი ღვაწლი! დიდი მადლობა ჩემს რაფოს, შესანიშნავ ფოტოგრაფსა და ხელოვანს!

ასე რომ, ამ ადამიანების მხარდაჭერითა და ჩვენი მეცადინეობით იმედი მაქვს, რომ სულ მალე 1917 წლის ექსპედიციისადმი მიძღვნილი დიდი წიგნი გამოვა, სადაც პირველად მოიყრის ერთად თავს ფოტოები, ნახაზები, ნახატები, ბარელიეფები და ქანდაკებები. ვგეგმავთ ამ ექსპედიციისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციასაც ხელოვნების სასახლეში!

ძვირფასო მკითხველო, სულ მალე ექვთიმე თაყაიშვილის საოცარ სამყაროში მოგზაურობა გელით – ამ სამყაროს კი ტაო-კლარჯეთი ჰქვია.”