11 თებერვალი, 2017

რეზო გიგინეიშვილის “მძევლები” ბერლინალეზე

რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმის “მძევლები” პრემიერა ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.

ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის ერთი წინასწარი ჩვენება უკვე მოეწყო. 15 თებერვალს კი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის ახალ ნამუშევარს მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები შეაფასებენ.

“მძევლები” 1983 წლის ნოემბერში მომხდარ რეალურ ამბავზე – თვითმფრინავის გატაცებაზეა, რომელსაც ქართული საზოგადოება თვითმფრინავის ბიჭების ისტორიის სახელით იცნობს.

ფილმი საქართველოს, რუსეთის და პოლონეთის ერთობლივი ნამუშევარია. სცენარის ავტორები რეზო გიგინეიშვილი და ლაშა ბუღაძე არიან. ფილმში გია ყანჩელის მუსიკა ჟღერს.

რეზო გიგინეიშვილის ფილმში მონაწილეობენ მერაბ ნინიძე, ირაკლი კვირიკაძე, თინა დალაქიშვილი, გიორგი ხურცილავა, დარეჯან ხარშილაძე, ვახტანგ ჩაჩანიძე…

ფილმის მსოფლიო პრემიერამდე “მძევლებს” ერთ-ერთმა გავლენიანმა უცხოურმა ვებ-გვერდმა screendaily.com-მა საინტერესო კრიტიკული მიმოხილვა მიუძღვნა.